ლუი ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმის შესახებ ცნობები გაავრცელა.
მაიკლ კერიკსა და უეინ რუნის ინგლისის ნაკრების არც ერთ მატჩში არ მიუღიათ მონაწილეობა ევროპის 2016 წლის შესარჩევ ეტაპზე, თუმცა ვან გაალმა განაცხადა, რომ ორივე მათგანი მზად იქნება "ევერტონთან" მატჩისთვის. ხელმისაწვდომია ფილ ჯონსიც, რომელმაც ორშაბათს საღამოს "სამ ლომთა" რიგებში 90 წუთი ითამაშა.
"უეინ რუნის ჩემი აზრით თამაში შეუძლია და ასევე მაიკლ კერიკსაც. ძალიან მოხარული ვიყავი ჯონსით. დიახ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელია, რადგან ორჯერ ითამაშა 15 თუ 20 წუთით. შემდეგ ითამაშა ინგლისის ნაკრებში. როცა მისი შერჩევა მინდა, მას შემადგენლობისთვის ვირჩევ", - განაცხადა ვან გაალმა.
ბასტიან შვაინშტაიგერმა ირლანდიის ნაკრებთან დაპირისპირებამდე გახურებაზე ტრავმა მიიღო და მატჩი გამოტოვა, ისევე როგორც მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა 31 წლის ფეხბურთელი "გუდისონ პარკზე" ითამაშებს, რადგან ვან გაალს იგი ტრავმირებულთა რიცხვში არ შეუყვანია.
პედი მაკნეირმა სხვადასხვა ემოცია გამოსცადა, როცა ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პრესტიჟულ ტურნირზე პირველად მოხვედრაში დაეხმარა, თუმცა მომდევნო მატჩში ფინეთის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ვან გაალმა ასევე განაცხადა, რომ "არსენალთან" მატჩში ეშლი იანგმა მცირე დაზიანება მიიღო და მისი თამაში შეუძლებელი იქნება.
სხვათაშორის, მარკოს როხო და ანდერ ერერა სანაკრებო შესვენებისას მანჩესტერში დარჩნენ, რათა ტრავმისგან გამოჯანმრთელება გაეგრძელებინათ და ამ უქმეებზე ორივე მათგანი ხელმისაწვდომია, თუმცა მზად არ არიან სრული მატჩი ჩაატარონ.
"ტრავმირებულები იყვნენ და გამოჯანმრთელების პერიოდი ჰქონდათ, ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. სათამაშოდაც მზად არიან, შესაძლოა, 90 წუთის განმავლობაში არა, მაგრამ არასდროს იცი", - დაასრულა ჰოლანდიელმა.
წყარო:
manutd.com