თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2019, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 8589,
კომენტარები: 2
სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი I)
თავი II
სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი I)
დისციპლინა

დისციპლინას ადრეული ასაკიდანვე მიმაჩვიეს. მამაჩემი ნამდვილი ზედამხედველი იყო. გემთშენებაზე მუშაობდა - რთული და მკაცრი საქმე. სიტყვებს ჰაერზე არ ისროდა. შეეძლო ყოფილიყო ჯიუტი, ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ დიდი ჭკუა ჰქონდა. მამა თვითნასწავლი იყო: სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა, სამაგიეროდ ყოველთვის კითხულობდა. უნდოდა, რომ მე და ჩემს ძმას ხელობა გვესწავლა, ამიტომ პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომის საშუალებას არ მაძლევდა, სანამ ხარატობა არ ვისწავლე. სწორედ მან მიგვაჩვია დისციპლინას ადრეული ასაკიდან. სამუშაო დღეებში დილის 6 საათზე ფეხზე მიღიტინებდა. 6:45, არც ერთი წუთით გვიან, სახლიდან გადიოდა, რადგან მოსწონდა გემთსაშენზე კარის გაღებისას ყოფნა. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ, კლუბის მწვრთნელის რანგში, ჩვევად მქონდა სამუშაოზე მერძევის მოსვლამდე მისვლა. როცა ფეხბურთში თამაშისთვის ხელფასს მიხდიდნენ, შაბათობით სადმე გასართობად დავდიოდი. მამას არ მოსწონდა. ეჩვენებოდა, რომ ზედმეტად კარგად ვცხოვრობდი. 6 თვის განმავლობაში არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ერთმანეთს ძალიან ვგავდით.

14 წლის ასაკში "დრამჩეპელ ამატორსის" რიგებში დავიწყე მუშაობა - შოტლანდიის სამოყვარულო კლუბებს შორის ყველაზე დიდი კლუბია. მას დუგლას სმიტი მართავდა, სხვა ადამიანებთან შედარებით მდიდარი კაცი, რომლის ოჯახი სასამართლო დემონტაჟის სამშენებლოს ფლობდა. დუგლასმა Reid's Tea Rooms-ი გლაზგოს ცენტრში ბიჭებისთვის უფასო სადილზე დაითანხმა. სულ 5 გუნდს ხელმძღვანელობდა - 18 წლამდე, 17 წლამდე, 16-მდე, 15-მდე და 14-მდე. ყოველ უქმეებზე დანბარტონშირში, გლაზგოს გარეუბანში თავის სახლში დავყავდით, საღორეს გაგვატარებდა, შემდეგ კი მის ბალახზე 5-5-ზე ვთამაშობდით. ძალიან იძაბებოდა, როცა მისი ერთ-ერთი გუნდი მარცხდებოდა, ძლიერ ოფლიანდებოდა და შესამჩნევად ბრაზდებოდა. დისციპლინისადმი სიყვარულსა და გამარჯვების წყურვილს დუგლასს ვერ დაუწუნებდი.

"სენტ მირენის" მწვრთნელის პოსტზე, რომელიც 1974 წლიდან 1978 წლამდე გრძელდებოდა, დისციპლინა პირველი დღიდანვე ქვაკუთხედად იქცა. როცა კლუბში მოვედი, ადგილობრივმა გაზეთმა Paisley Daily Express ფოტოგრაფი გამოგზავნა, რათა გუნდი თავის ახალ მწვრთნელთან ერთად გადაეღო. მომდევნო დილით გაზეთში ფოტოგრაფია ვნახე: იან რიდი, კაპიტანი, ჩემს უკან დგას და თავზე "რქებს" მადგამს. ამის შემდეგ "კაუდენბიტთან" დავმარცხდით, ორშაბათს კი რიდი ჩემს ოფისში დავპატიჟე. მიპასუხა, რომ "რქები" - უბრალო ხუმრობა იყო; მე კი ვუთხარი: "ასეთი ხუმრობები არ მომწონს". ჯონ მოუეტი, კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჩემზე გაბრაზდა, როცა თამაშის დროს გაფრთხილება მიიღო. ჩემს შავ სიაში რიდიც დავამატე და მოუეტიც. კიდევ ერთი მოთამაშე იყო, რომელმაც მითხრა, რომ ვარჯიშზე ვერ მოვიდოდა, რადგან მას და მის ბაბუას პოპ-კონცერტის ბილეთები ჰქონდათ. დავინტერესდი, ეს კონცერტები წლის განმავლობაში ყოველ ღამით თუ ტარდებოდა. მითხრა, რომ საქმე ამაში არ იყო, მე კი ვუპასუხე: "თუ კონცეტრზე წასვლა გინდა, კარგი, მაგრამ აღარ დაბრუნდე". უბრალოდ მინდოდა ყველა ფეხბურთელს შეეგნო, რომ ჩემთან დაპირისპირება არ ღირდა. და მოთამაშეებმა ეს გაიგეს.

როცა მწვრთნელი გავხდი, ერთ-ერთ ვალდებულებად დისციპლინის დანერგვა განვიზრახე. "სენტ მირენში" უბრალოდ ძალიან ბევრი ნახევარგანაკვეთიანი მოთამაშე იყო, მიუხედავად ამისა, გასვლით მატჩებზე მაინც ყველა ერთი ავტობუსით მივდიოდით. ერთ შაბათს, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ისტ ფაიფში მანქანით წასვლა გადაწყვიტა. გასახდელში ომი მოვუწყე - საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევდა - და ვუთხარი, რომ იმ დღეს შემადგენლობაში არ დავაყენებდი. შემდეგ გავაცნობიერე, რომ მისი შემცვლელი არ მყავდა, ამიტომ ჩემი აღზრდითი მოქმედება წყალს გავატანე.

როცა აბერდინში აღმოვჩნდი - გლაზგოზე უფრო მშვიდ ადგილას, - მივხვდი, რომ აუცილებელი იყო გუნდისთვის მცირე გლაზგოური მძვინვარებისა და დისციპლინის დამატება. თავს არ ვთოკავდი. ძალიან აგრესიული და მომთხოვნი ვიყავი; ვეჭვობ, ეს ყველას არ მოსწონდა, სამაგიეროდ ფეხბურთელები კაცებად ვაქციე და მათი სათამაშო უნარები გავაუმჯობესე.

"აბერდინში", ჩემი აზრით, ფეხბურთელთა გზასაცდენილი სამეული იყო. უბრალოდ არასაკმარისად სერიოზულად უდგებოდნენ ვარჯიშებს. იმისათვის, რომ ყოველდღიურად მეიძულებინა, სარეზერვო გუნდში გადავიყვანე და სათამაშოდ საშინლად ცივ ადგილებზე ვაგზავნდი სამშაბათობითა და ოთხშაბათობით. ბოლოს, როგორც იქნა, თავიდან მოვიშორე.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო ათწლეულების წინ კლუბებში დისციპლინა - გუნდის შემადგენლობის იშვიათი ცვლილებაა. ახლა რთულია ამის დაჯერება (განსაკუთრებით, როცა ხედავ, რომ პრემიერ ლიგის მატჩებზე სათადარიგოთა სკამზე 7 ფეხბურთელი ზის), მაგრამ შეცვლები მხოლოდ სამოციანი წლების შუა პერიოდში გაჩნდა. ჩემს ახალგაზრდობაში გუნდები ფაქტიურად არ ცვლიდნენ შემადგენლობას მთელი სეზონის განმავლობაში და ახლაც კი შემიძლია ყველა მოთამაშის დასახელება, რომლებიც 50-ანი წლების დასაწყისში მოედანზე "რეიტ როვერსის" შემადგენლობაში გამოდიოდნენ. ამიტომ გუნდში დარჩენა ეკომონომიკურად მომგებიანი იყო - ამაზე იყო დამოკიდებული პრემიის მიღება.

ახალგაზრდობაში დისციპლინის მხრივ ხანდახან ვაჭარბებდი და რაღაცას ვნანობ კიდეც. მაგალითად, შვედეთიდან "აბერდინის" ტრიუმფალურად დაბრუნების (1983 წელი, თასების მფლობელთა თასზე გამარჯვება) შემდეგ, საზეიმო მსვლელობა მოგვიწყეს, რომელიც ჩვენს პირთამდე სავსე სტადიონ "პიტოდრიმდე" გაგრძელდა. ყველას სურდა ენახა, როგორ ჩამოიტანდა გუნდი თასს სტადიონზე. მარკ მაკგის, "აბერდინის" ცენტრფორვარდს ძალიან სურდა გულშემატკივართათვის თასი ეჩვენებინა. მე კი გადავწყვეტე, რომ ზედმეტად გულმოდგინედ ზეიმობდა, ამიტომ ვუყვირე და თასის გატანა ავუკრძალე. შემდეგ, გასახდელში დედამისი გამოჩნდა და თავი შემზიზღდა. მომდევნო დილით მაკგის დავურეკე, მოვუბოდიშე, ვთხოვე, ჩემთვის კომპანიონობა გაეწია და ნავსადგომთან გამყოლოდა, სადაც გულშემატკივარს, რომლებიც ჰიოტებორგიდან ბრუნდებოდნენ, თასი ვაჩვენეთ. ვცდილობდი, მსგავსი შეცდომები მეტად აღარ დამეშვა.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი I)

ალექს ფერგიუსონი და მარკ მაკგი თასების მფლობელთა თასით


დისციპლინის საკითხი მთელი კარიერის განმავლობაში გამყვა. სანამ 1986 წლის იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავეში ჩადგომას გადავწყვეტდი, მარტინ ედვარდს გავესაუბრე (კლუბის ყოფილი მდივანი, ამჟამად საპატიო პრეზიდენტი - პირდაპირი თარგმანი), რომელმაც მიმანიშნა, რომ გუნდის ზოგიერთ წევრს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. დაამატა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "იუნაიტედის" სათავეში ჩემი ხილვა სურდა - დისციპლინის დანერგვაში ჩემი რეპუტაცია და არაპროფესიონალური მიდგომის მოუთმენლობა იყო.

როცა "იუნაიტედში" აღმოვჩნდი, კლუბს ბევრი არასერიოზულად მიუდგა, მათ შორის იმასაც, თუ როგორი ტანსაცმლით უნდა გვემოგზაურა გასვლით მატჩებზე. ჩვეულებრივ სპორტულ კოსტიუმებს იცვამდნენ, რომელსაც Reebok, Puma, Adidas ასპონსორებდა. ნამდვილი მასკარადი. მაშინვე მოვითხოვე, გასვლით ტანსაცმელად ფლანელის მაისური, კლუბის პიჯაკი და ჰალსტუხი ყოფილიყო. მოგვიანებით, 2000 წელს, როცა მეკარე ფაბიენ ბარტეზი შემოგვიერთდა, ჩვენს დრეს-კოდთან მიჩვევა მოუხდა. გაუმკლავდა და ავტობუსში მგზავრობისას იცვამდა. მატჩის შემდეგ პიჯაკს, შარვალს, მაისურსა და ჰალსტუხს ალბერტ მორგანს აძლევდა, რომელიც ეკიპირებაზე აგებდა პასუხს, ყურადღებას აქცევდა ნივთებს, სანამ ბარტეზს ხალხის წინაშე კლუბის წევრის რანგში არ მოუხდა გამოჩენა. ერიკ კანტონამ ერთხელ ჩაცმის წესი დაარღვია. კლუბისთვის ქალაქის მერიაში დიდი მოდური საღამო ტარდებოდა, ერიკი კი ჟამშის პიჯაკით გამოჩნდა და ზურგზე ინდიელთა ტომის ბელადის პორტრეტი ჰქონდა. მომდევნო დღეს დაიფიცა - მე კი დავიჯერე - რომ საღამო მოდურად ჩათვალა და საფრანგეთში სწორედ ასე იქნებოდა ყველაფერი.

მოთამაშეები ყოველთვის აძლევენ მწვრთნელს საჯდომზე დარტყმის საბაბს, ამიტომ ამისთვის შესაფერისი დრო უნდა შეარჩიო. იმისათვის, რომ ყველამ გაითავისოს გაკვეთილი, არ არის პირადი დასჯის საჭიროება. მაგალითად, არასდროს მინახავს ვარჯიშებზე დაგვიანებისთვის ჯარიმის გამოწერის აუცილებლობა. მანჩესტერში, განსაკუთრებით ზამთრით, გზებზე ყოველთვის იქმნება საცობი. ფეხბურთელები მასში ხვდებიან და აგვიანებენ. ეს რომ ერთხელ ან ორჯერ მომხდარიყო ჩემთვის სულერთი იქნებოდა. სხვათაშორის, თუ ვინმე ყოველთვის აგვიანებდა, სახლიდან 10 წუთით ადრე გამოსვლას ვთავაზობდი და ყურადღებას ვაქცევინებდი იმაზე, რომ თავისი დაგვიანებებით თანაგუნდელებს ღალატობდა. ეს გუნდის არც ერთ წევრს სურს. ამიტომ მხოლოდ ერთხელ დავაჯარიმე ადამიანი დაგვიანების გამო. ის მარკ ბოსნიჩი იყო, რომელიც მუდამ აგვიანებდა.

არასდროს მეშინოდა იმ სივრცეში შეჭრის, რომელსაც ზოგიერთი მოთამაშე პირადად თვლის - ვარცხნილობები და მორთულობები. არასდროს მესმოდა, რატომ უნდა სურდეს ფეხბურთელს გრძელი თმის ტარება, როცა ამდენ ძალას ხარჯავს საუკეთესო ფორმაში ყოფნასა და სწრაფად სირბილში. ნებისმიერი რამ, თმების რამდენიმე გრძელი სანტიმეტრიც კი უკარგავს არსს მსგავს მისწრაფებებს. ეს პრობლემა პირველად კარელ პობორსკის შემთხვევაში გამოჩნდა. მანჩესტერში პრაღის "სლავიიდან" 1996 წელს გამოჩნდა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს "ლედ ზეპელინში" დაკვრას აპირებდა და არა "იუნაიტედში" თამაშს. მაინც დავიყოლიე თმის შეჭრაზე, მაგრამ ამის შემდეგაც კი მისი თმა გრძელი იყო. ზოგიერთი ფეხბურთელი გულსაკიდ ჯვარს ატარებდა. ეს ჯვრები უფრო მძიმე იყო, ვიდრე ის, რომელსაც იერუსალიმში მომლოცველები ვია დოლოროსაზე ატარებენ. (ვია დოლოროსა - ქუჩა, რომელიც ქრისტემ განვლო ჯვარცმამდე - პირდაპირი თარგმანი). ავუკრძალე. თუმცა, სვირინგებს ვერაფერი მოვუხერხე: მეც კი გამიჭირდა იმის მტკიცება, რომ ზედმეტ წონას მატებდნენ. სიგიჟის სპირალი ერიკ კანტონათი დაიწყო. ერთხელ, დილით მარცხენა მკერდზე ინდიელი ბელადის თავის სვირინგით მოვიდა. თანაგუნდელები მას ეთაყვანებოდნენ და ზოგიერთმა მათგანმაც გაიკეთა სვირინგი. ყოველთვის მაოცებდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ტანს არ იფუჭებდა. ეს ყოველთვის ამტკიცებდა მის თვითდისციპლინას.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი I)

გარი პალისტერი და ერიკ კანტონა ინგლისის თასით


ლიდერს ქვეშევრდომთან მოქცევის სხვადასხვა ვარიანტები აქვს. გამოუცდელ ან საკუთარ თავში დაურწმუნებელს ხშირად მცირე დარღვევა სასიკვდილო ცოდვამდე აჰყავს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ როგორც კი იძლევა ბრძანებას "სიკვდილით დასაჯეთ", მოქმედების ვარიანტები აღარ რჩება. თანდათან ვხვდები ანდაზის, "დაე სასჯელი დანაშაულს შეესაბამებოდეს" მთელ სიბრძნეს. როგორც მოსამართლეს, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიასა და წამებულს, დიალოგთა წარმართვის მეთოდები საკმარისად მქონდა. ყველაზე უბრალო და ყველაზე მოქმედი - სიჩუმე. მას ხშირად ვიყენებდი. არ ხდებოდა საჭირო პუბლიკაში სივრცეების გაჩენა და ძვრომა. ყველა ადამიანს სურს იცოდეს, რა ხდება. ჩემი მყინვარე სიჩუმის გავლით, დამნაშავეს მარტივად შეეძლო განაჩენის გაგება. ხშირად ვაჯარიმებდი ფეხბურთელებს, რათა ხელები გადამეგრიხა და გუნდისთვის მუშაობა მეიძულებინა. ჯარიმებს სულელურად მიღებული ყვითელი და წითელი ბარათების გამო იღებდნენ. მსაჯებთან ლაპარაკის გამო, მაგალითად, განუსჯელი ვარდნებისა თუ უბრალოდ მოედანს მიღმა მიუღებელი ქცევის გამო. პრემიერ ლიგაში ხელფასების ზრდასთან ერთად იზრდებოდა ჯარიმაც, მაგრამ არსი ერთი და იგივე რჩებოდა - ერთკვირიანი ან ორკვირიანი ხელფასი. 2007 წლის კატასტროფული საშობაო საღამოს შემდეგ ძირითადი და სარეზერვო გუნდის მთელ შემადგენლობას ერთი კვირის ხელფასი ჩამოვართვი.

ახალგაზრდებს, რომლებიც პირველ გუნდში მოხვედრას ესწრაფვოდნენ, უბრალოდ ვუკრძალავდი პირველ გუნდთან ერთად მგზავრობას. ეს საკმარისი იყო მათ საკონტროლებლად. ძირითადის ფეხბურთელებისთვის კი სხვა მეთოდები მქონდა, რომელიც დანაშაულის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული. უბრალოდ შეიძლებოდა მატჩის განაცხადში არ შეგეყვანა. უფრო სერიოზული სასჯელი - გეიძულებინა მატჩისთვის თვალი მოედანზე ჩვეულებრივ ტანსაცმელში ჩაცმულს ედევნებინა. ფეხბურთელისთვის ეს სახალხო გასამართლების ტოლფასია. ნებისმიერზე ჭრიდა.

ბოლოს შემონახული მქონდა ყველაზე მძიმე მეთოდები - მატჩებში მონაწილეობის აკრძალვა და ტრანსფერზე დაყენება. პირველად შეიძლება მოგეჩვენოს, რომ გაყიდვა ყველაზე მკაცრი სასჯელია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. თუ ფეხბურთელის გაყიდვის გადაწყვეტილებას ვიღებდი, ეს ნიშნავდა, რომ "იუნაიტედს" აღარ შეეფერებოდა. ან ისეთ შემთხვევებში, როგორიც კრიშტიანუ რონალდუ იყო, მიცემულ დაპირებას ვასრულებდით. ჩემი თვალთახედვით, თამაშის აკრძალვა - ყველაზე უარესია. ამით კლუბიც ისჯება და მოთამაშეც. ასეთი რამ 1995 წლის იანვარში მოხდა. ერიკ კანტონა ფეხბურთიდან მოკვეთეს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 4-თვიანი აკრძალვა დაუწესა, საფეხბურთო ასოციაციამაც ასევე,

არავის მოსწონს, როცა სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება და ასაკთან ერთად იმედგაცრუება მხოლოდ იზრდება. მოთამაშე აცნობიერებს, რომ საუკეთესო წლები წარსულში დარჩა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ასეთ სენტიმენტებს უფლებას არ ვაძლევდი ძირითადი შემადგენლობის შერჩევაზე გავლენა მოეხდინა. ეს განსაკუთრებით დიდ მატჩებს ეხებოდა. 1994 წელს ინგლისის თასის ფინალური მატჩის განაცხადში ბრაიან რობსონი არ შევიყვანე. ბრაიანის ბრწყინვალე კარიერა "იუნაიტედში" სრულდებოდა. კლუბში 13 წელიწადი გაატარა. ვერ შევაფასე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის მონაწილეობა მატჩში, რომელმაც ინგლისის თასის მეოთხე მედალი მოუტანა. ახლა მესმის, უნდა შემეყვანა განაცხადში და შესაძლოა, მატჩის ბოლოს შეცვლაზე შესვლის უფლება მიმეცა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა იცოდნენ, თავის ხელში აყვანა მიჭირს, ჩემი ფეთქებადი ხასიათი ჩვეულებრივ დამანგრეველ ეფექტს არ ახდენდა. თუ, რა თქმა უნდა, საქმე არ ეხებოდა მათ, ვინც მოედანზე თვითკონტროლს კარგავს. თუ ვინმე გაფრთხილებას გაფრთხილებაზე იღებდა, ან პირდაპირ წითელ ბარათს მხოლოდ იმიტომ, რომ თავში სისხლი აუვარდა, გუნდისთვის ეს ძალიან ცუდად შემოტრიალდებოდა. არა მარტო კაცთნაკლული ვრჩებოდით მატჩის ბოლომდე, არამედ ამ ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის დროს ვკარგავდით. პეტერ შმეიხელი, პოლ ინსი, ბრაიან რობსონი, მარკ ჰიუზი, ერიკ კანტონა - ნებისმიერ მათგანს შეეძლო ცარიელ სახლში ჩხუბი აეტეხა. ასეთი საქციელი არ გვარგებდა, ამიტომ უკმაყოფილებას არ ვმალავდი, როცა რამე სისულელის გამო აძევებდნენ.

ზოგიერთის შეჩვევა დისციპლინასთან უბრალოდ შეუძლებელი იყო. არგენტინელი ხუან სებასტიან ვერონი ასეთთა რიცხვშია. როგორც არ უნდა მეცადა, არაფრით გამომდიოდა მასში სისტემის დანერგვა. დიდებული ფეხბურთელი იყო გამონაკლისი შესაძლებლობებით, მაგრამ ამასთან ერთად, სრულიად ამოუცნობი. ვაყენებ მოედნის ცენტრში - ის კი მარჯვენა ვინგერად თამაშობს. მარჯვენა ვინგერად ვაყენებ - ის კი მარცხნივ გადადის. თვითდისციპლინა აკლდა. ამიტომ გავყიდეთ. კლუბში მხოლოდ 2 სეზონი გაატარა, მოედანზე 82-ჯერ გამოჩნდა. გუნდს მოედანზე მორბენალი ჩრდილებისგან ვერ ააშენებ.


სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი I)

ხუან სებასტიან ვერონი


მეორე მხრივ, იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც წესებს მკაცრად მისდევდნენ. ასეთი იყო ჩვენი კორეელი პარკ ჯი სუნი. მოქმედების ადგილს ვუთითებდი, ის კი ერთი იოტითაც არ შორდებოდა - როგორც ძაღლი ძვალს. 2010 წელს "მილანს" ჩემპიონთა ლიგაზე შევხვდით. პარკს ანდრეა პირლოს, "მილანის" ნახევარცველის, მათი მთავარი ძალის წინააღმდეგ თამაში ვთხოვე. ჩვეულებრივ, პირლო მთელ მათ თამაშს ქმნიდა, მაგრამ ჯი სუნმა უბრალოდ ჟანგბადი გადაუკეტა.

ყველაფერზე მაღლა დისციპლინას ვაყენებდი. შესაძლოა, ეს რამდენიმე ტიტულის ფასადაც დაგვიჯდა. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, მაინც ზუსტად ასე მოვიქცეოდი. თუ არ არის დისციპლინა, შეგიძლია დაემშვიდობო წარმატებას და მიესალმო ანარქიას. 2011 წელს, შობის დღესასწაულის შემდეგ გავიგე, რომ "იუნაიტედის" სამი ფეხბურთელი დროის სატარებლად წავიდა. მომდევნო დილის ვარჯიშზე არასასურველ მდგომარეობაში გამოცხადდნენ. თითოეულ მათგანს დამატებითი ვარჯიში დავუნიშნე და "ბლექბერნთან" მატჩის განაცხადიდან მოვკვეთე. რამდენიმე ფეხბურთელი ისედაც ტრავმირებული იყო, ამიტომ მათი განაცხადში არ შეყვანის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაასუსტა შემადგენლობა, მაგრამ ვიგრძენი, რომ სწორად მოვიქეცი. საბოლოოდ, "ბლექბერნთან" 3-2 დავმარცხდით და სამი ქულა დავკარგეთ, ტიტული კი "მანჩესტერ სიტის" ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გადაეცა. მანამდე დიდი ხნით ადრე, 1995 წელს, ერიკ კანტონას დისკვალიფიცირების გადაწყვეტილება მივიღეთ "კრისტალ პალასის" ქომაგთან ჩხუბის გამო. ეს ჩემპიონის ტიტულადაც დაგვიჯდა და ინგლისის თასის გამარჯვებადაც. როცა ერიკი დავაჯარიმეთ (საფეხბურთო ასოციაციამ კი უფრო მკაცრი სანქციები დაუწესა), პირველ ადგილამდე მხოლოდ ერთი ქულა დაგვაკლდა. თამაში რომ გაეგრძელებინა, სეზონს უმაღლეს საფეხურზე 10-ქულიანი სხვაობით დავასრულებდით. ამის ნაცვლად, ერთი ქულით "ბლექბერნ როვერსმა" გვაჯობა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში პრინციპები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმწამინდელი სარგებელი.

თუ მოახერხებ და გუნდს შეკრებ 11 ნიჭიერი ფეხბურთელისგან, რომლებიც ყურადღებით მუშაობენ ვარჯიშებზე, იცავენ დიეტას, ზრუნავენ საკუთარ სხეულზე, იძინებენ და არ აგვიანებენ - ეს უკვე არის ჩემპიონობისკენ მიმავალი ნახევარი გზა. გასაოცარია, რომ ესოდენ დიდი რაოდენობის კლუბებს არ შეუძლიათ ამის გაკეთება.

1996 წელს ინგლისის თასის ფინალში "ლივერპული" 1:0 დავამარცხეთ. ჯერ კიდევ მატჩის დაწყების წინ ვგრძნობდი, რომ გავიმარჯვებდით. ვგრძნობდი მხოლოდ იმით, თუ როგორ გამოვიდნენ მატჩისწინა გახურებაზე. "ლივერპულის" მთელი შემადგენლობა, გარდა მწვრთნელისა და მისი დამხმარისა, მოდური დიზაინერის მიერ შეკერილ თეთრ კოსტიუმებში იყვნენ შემოსილნი. ჩემთვის ეს ნიშანი იყო: დისციპლინა მოწესრიგებული არ აქვთ, თამაშიდან ყურადღება გადატანილი აქვთ და ჩვენებით არიან დაკავებულნი. ამის შესახებ ჩვენს ეკიპირებაზე პასუხისმგებელ ნორმან დევისს ვუთხარი. პროგნოზი ზუსტი აღმოჩნდა - ერიკ კანტონამ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთადერთი გოლი გაიტანა. სხვა მაგალითი: რამდენიმე წლით ადრე, 1985 წლის სექტემბერში, "აბერდინმა" "გლაზგო რეინჯერსი" "აინბროქსეზე" 3-0 გაანადგურა. "რეინჯერსის" ორი ფეხბურთელი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გააძევეს. ჩვენს გათელვას ცდილობდნენ. ფანები აირივნენ და მოწინააღმდეგემაც ემოციებზე კონტროლი დაკარგა. სისხლიანი ჯოჯოხეთი იყო. მეორე ტაიმში მოედნიდან გასახდელისკენ გაქცევა მოგვიხდა. მოედანზე შიშველი გულშემატკივარი გამოვარდა, საქმეში პოლიცია ჩაერთო. ერთ-ერთი კლასიკური სიტუაცია, როცა მოწინააღმდეგემ საკუთარი თავი თვითონ გაინადგურა.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩვენი ტრიუმფი - მუდმივი დისციპლინარულობის შედეგია. ბევრი შეიძლება გააოცოს იმან, რომ წარმატება მოდის არა შთაგონებით, შეუძლებლის შეძლების სურვილითა და ყველაფრის ფსონად ჩამოსვლით. იავანრში ჩვევად მქონდა დაჯდომა და დარჩენილი ტურების შესწავლა როგორც "იუნაიტედისთვის", ისე მისი პრინციპული მეტოქეებისთვის და დამეთვალა ქულები, რომლის აღება ყოველ კლუბს შეეძლო. ჩემი გამოთვლები ჭეშმარიტებასთან ყოველთვის მიახლოებული იყო. ჩემი ეს ჩვევა ყოველთვის საშუალებას მაძლევდა მივმხდარიყავი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს უსახური 1:0 გამარჯვებები. ასეთ თამაშებში მოედნის ცენტრში კომპაქტურ თამაშზე ვიყავით კონცენტრირებულნი და კარის "მშრალად" შენარჩუნებას ვცდილობდით. ერთი ასეთი თამაში გონებაში ტივტივდება: 2007 წლის მარტი, "მიდლსბროსთან" სათამაშოდ ჩავედით. მაშინ ჩვენს რიგებში თამაშობდა ჰენრიკ ლარსონი, რომელიც 3-თვიანი იჯარით მოვიდა. მისგან იმაზე მეტს ვერ მოვითხოვდი, რასაც აკეთებდა, მაგრამ უცებ, მოწინააღმდეგის პრესინგის ქვეშ მყოფმა, შეტევას თავი მიანება და ნახევარდაცვაში გადავიდა, რათა შედეგის შენარჩუნებაში დაგვხმარებოდა. როცა გასახდელში ჰენრიკი შემოვიდა, კლუბის ყველა მოთამაშე და თანამშრომელი, სიტყვის უთქმელად ადგა და ტაშის დაკვრა დაიწყო. ეს უჩვეულო პოზიციაზე თავისი დაუჯერებელი მცდელობით დაიმსახურა. სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის ჩემპიონის მედალის დამატებითი კომპლექტი შევუკვეთეთ ჰენრიკისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რიგებში საჭირო 10 მატჩი არ ჩაუტარებია: იმ დროს სწორედ ამდენი იყო საჭირო ჯილდოს მისაღებად.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
2 კომენტარი
№1
ავტორი: nistelroi lasha
1 თებერვალი 2019 07:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ძალიან საინტერესო წასაკითხი იყო,მაგარი მრწვთნელი იყო ბაბუ,ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტი განსაკუთრებით გამოჩნდა ბლექბერთან დაკარგული ჩემპიონობა,მაგრამ საბოლოოდ მისმა პრინციპებმა და რეჟიმებმა შექმნა ეს უდიადესი ისტორია
0
№2
ავტორი: cotne8
1 თებერვალი 2019 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
გაუმარჯოს, ერთი აზრი მაქვს, საიტზე ჩათი ხო არ გაგვეკეთებინა?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top