მას შემდეგ, რაც სერ ალექს ფერგიუსონმა თანამდებობა დატოვა, მისი უამრავი შეგირდიც გამოემშვიდობა გუნდს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჯერ კიდევ გუნდშია, 29 წლის უეინ რუნი გახლავთ, რომელმაც კაპიტნის პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ მიმდინარე სეზონში ფორმას უჩივის. მიუხედავად ამისა, სერ ალექსს სჯერა, რომ რუნის ცუდი ფორმა მხოლოდ დროებითია და იგი მალე განაგრძობს გოლების გატანას.
"ყველა ფორვარდი, ვისთანაც ვმუშაობდი, დამოკიდებული იყო მის თავდაჯარებულობაზე." აცხადებს ფერგიუსონი ESPN-სთან ინტერვიუში. "როდესაც ისინი გოლებს იტანენ, ფიქრობენ, რომ არც არასდროს გაჩერდებიან, მაგრამ როდესაც ვერ იტანენ, ფიქრობენ, რომ ვეღარასოდეს შეძლებენ გოლის გატანას. ეს ასეა. როდესაც მე ვთამაშობდი, ანალოგიურად ვფიქრობდი. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ დარწმუნებით შეეხე ბურთს, ბადის მიმართულებით ნუ გააგორებ უბრალოდ. ერიკ კანტონას, რუდ ვან ნისტერლოის, ენდი კოულსა და ყველა გამოცდილ ფორვადს ჰქონდა ანალოგიური პრობლემა, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა. ჩვენ უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ, როგორ იბრუნებს რუნი ძველ ფორმას, ეს სანერვიულო სულაც არაა."
უეინ რუნიმ ორი სანაკრებო მატჩი გამოტოვა მუხლის ტრავმის გამო, მაგრამ, სავარაუდოდ, მისი ყოფილი გუნდის, "ევერტონის" წინააღმდეგ მწყობრში იქნება და უკაპიტნებს კიდეც გუნდს, იმ შემთხვევაში, თუ სასტარტო თერთმეტეულში მოხვდება. უეინსა და ფერგიუსონს დიდხნიანი ურთიერთობა აკავშირებთ და შოტლანდიელი ფიქრობს, რომ მისი გამოცდილება კარგად მოერგება თავისი კაპიტნის როლს.
"უეინი ტიპური ინგლისელი ფეხბურთელია. ის გუნდში მოსვლის პირველივე დღიდანვე მოტივირებულია და არცაა გასაკვირი, რომ დღეს კაპიტნის სამკლავური ამშვენებს. პლუს ამას, ის 10 წელზე მეტია, რაც ამ გუნდშია. ასე მუშაობს "იუნაიტედი". ჩემი მწვრთვნელობის პერიოდში, თუ კაპიტანი მოედანზე არ იყო, მაშინ მის როლს გუნდში "უხუცესი" ფეხბურთელი ასრულებდა. "