"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ არ უარყო, რომ მის ამჟამინდელ კონტრაქტში ფიქსირებული გამოსასყიდი თანხა არსებობს.
როგორც ცნობილია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დე ხეამ მადრიდის "რეალში" გადასვლა ვერ მოახერხა - კლუბებს შეთანხმებისთვის დრო არ ეყოთ, რათა დოკუმენტები გაეცვალათ და ფეხბურთელები დროულად დაერეგისტრირებინათ.
"ოლდ ტრაფორდზე" დარჩენილმა დე ხეამ თავისი კონტრაქტი, რომელიც ერთი წლის შემდეგ იწურებოდა, რამდენიმე დღეში გაახანგრძლივა და "წითელი ეშმაკების" რიგებში მეკარის პოზიცია დაიკავა. ჭორების თანახმად, ესპანელის ახალი კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 30 მლნ. ფუნტი იქნება.
უკრაინასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დავიდს კონტრაქტში არსებული შესაბამისი პუნქტის შესახებ დაუსვეს კითხვა, მაგრამ 24 წლის კიპერმა ჟუნრალისტებს მის აგენტთან დაკავშირება ურჩია.
"სჯობს, ეს კითხვა ჟორჟეს დაუსვათ. ასეთი სახის დეტალებზე ის აგებს პასუხს" - უპასუხა დე ხეამ.
დავიდმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს.
"ჩემი კარიერის განმავლობაში საუკეთესო ფორმაში ვარ. ყოველთვის მთელი ძალით ვცდილობ. გამომდის და მნიშვნელოვანია, გამარჯვებას მივაღწიოთ. ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები და გარდა ამისა, უკრაინის წინააღმდეგ იღბალი ჩემს მხარეს იყო" - დაამატა დე ხეამ.