"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი მოგვითხრობს, თუ რატომ არ შეიძინა თავის დროზე პლეიმეიქერი დავიდ სილვა.
2010 წლის ზაფხულს სილვა "ვალენსიადან" "მანჩესტერ სიტიში" 24 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ დავიდმა თავი წარმოაჩინა, როგორც პრემიერ ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო პლეიმეიქერმა და ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.
ესპანელისადმი ინტერესს იმ დროს "იუნაიტედიც" იჩენდა, თუმცა ფერგიუსონი დარწმუნებული არ იყო, რომ სილვა მის სათამაშო მოდელს მოერგებოდა.
"მრავალჯერ განვიხილავდით სილვას ვარიანტს, როცა "ვალენსიაში" თამაშობდა. ასევე იმავე ტიპის სხვა ფეხბურთელს ერთი წლით ადრე.
ჩემს შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ ძალიან, ძალიან კარგი უნდა იყო, რათა "ათიანის" პოზიციაზე ითამაშო, ეს პოზიცია ხომ დაცვით ვალდებულებებს არ ითვალისწინებს. ამიტომ წარმატების მისაღწევად ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მიმიხვდით? ამიტომ იყო ჩემთვის რთული.
რა თქმა უნდა, არსებობენ დიდებული ფეხბურთელები. შეიძლება, თქვათ, რომ ლიონელ მესი "ათიანია", მარადონა, კიდევ სხვები და მეც არ შეგედავებით. მაგრამ "იუნაიტედში" ეს ყოველთვის რთული იყო. "ათიანის" ჩემებური გაგება ჯერ კიდევ მაშინ ჩამომიყალიბდა, როცა ფეხბურთელი ვიყავი.
სისწრაფეს ვკარგავდი, პოზიციაში ქვევით ვიწევდი. "ათიანის" პოზიციაზე უფრო სხვანაირად ვთამაშობდი, ვიდრე მიღებულია. მივხვდი, რომ ასე მცველებს პრობლემები ექმნებოდათ, ამიტომ ყველა ჩემი გუნდი ერთი თავდამსხმელით და ერთი პლეიმეიქერით თამაშობდა, რომელიც სიღრმეში იწევდა", - განაცხადა ფერგიუსონმა.