გთავაზობთ ინტერვიუს მოწინააღმდეგე გუნდის ფან-კლუბთან.
მოგესალმებით, ძვირფასო მომხმარებლებო, როგორც ყოველთვის, Redarmy.ge მუდმივად გთავაზობთ სიახლეებს, ამჯერად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოველი მატჩის წინ ჩაგვეტარებინა ინტერვიუ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებთან, როგორც შესაძლებელი იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, "იუნაიტედის" შემდეგი მეტოქე "ევერტონი" გახლავთ და ინტერვიუ მოწინააღმდეგე გუნდის რუსულ ფან-კლუბთან ჩავატარეთ. მაშ ასე, დავიწყოთ:
"კანფეტების" კითხვები redarmy-ს
შეადარეთ და გამოყავით ის ნიშნები, თუ რით განსხვავდება სერ ალექსის "იუნაიტედი" დღევანდელისგან. ვის სტილს უფრო ემხრობით? რა დაკარგა გუნდმა ფერგის წასვლის შემდეგ და რა შეიძინა? და რას ფიქრობთ, რაში მდგომარეობს გუნდის არასტაბილური თამაში?დიმიტრი სანაია: "სერ ალექს ფერგიუსონი 27 წლის განმავლობაში აშენებდა იმპერიას და ცხადია, რომ მისი მოდელის შენარჩუნება დღეს ნებისმიერ მწვრთნელს გაუჭირდება. ფერგიუსონს გარდა იმისა, რომ გენიალური ტაქტიკოსი იყო, უყვარდა არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება და მუდამ მზად იყო, გაერისკა. ამასთანავე, ალექსი ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. მისთვის გუნდი პირველ ადგილას იდგა და არ არსებობდა ავტორიტეტი, რომელსაც ვერ განაწესებდა სათადარიგოზე ან ვერ გაუშვებდა გუნდიდან, თუ ის გუნდის ინტერესების წინააღმდეგ წავიდოდა. ეს თვისებები ლუი ვან გაალსაც აქვს, თუმცა შედარებით ნაკლებად. ჰოლანდიელის საფეხბურთო სტილი რადიკალურად განსხვავდება ფერგიუსონისგან. ცხადია, მე ფერგიუსონის სტილს უფრო ვემხრობი. მისი წასვლით გუნდს ყველაფერი დააკლდა, რაც ფერგიუსონისგან ჰქონდა. პირველ რიგში, გამარჯვებულის ხასიათი. დღეს "იუნაიტედისთვის" დანებება თითქოს არ წარმოადგენს პრობლემას, ალექსის დროს კი თამაში ბოლო წამამდე მიმდინარეობდა, ანგარიშის მიუხედავად. გუნდის არასტაბილურობა ლოგიკურია, ვინაიდან "იუნაიტედი" მშენებლობის პროცესშია. დრო სჭირდება ყველაფერს, წარმატების ყველა რესურსი არსებობს."
როგორ აფასებთ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას? რას ელით "იუნაიტედისგან" პრემიერ ლიგაში და ევრო თასებზე მიმდინარე სეზონში?გურამ გოგინაშვილი: "ფერგის წასვლის მერე, არის სატრანსფერო პოლიტიკა... კლუბი არ ფრთხება მოთამაშეების გაზრდილ სატრანსფერო თანხაზე და ყველაფერს აკეთებს მათ გადასაბირებლად. ეს არის განსხვავება, ლუი ვან გაალი ყიდულობს ლიდერებს, ლეგენდებსაც კი, სერ ალექსი კი ამას თავისით ქმნიდა.
რა თქმა უნდა, კლუბისგან პრემიერ ლიგის ჩემპიონობას ველი და ამის დიდი იმედიც მაქვს... ამის ჩემეული ხედვაც მაქვს. პირველი: კონკურენტების არასტაბილური გამოსვლები და ჩავარდნები. მეორე: შემადგენლობა. კლუბში არ არის მოთამაშე, რომელიც სასტარტოში დაიწყებს და საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს. ჩემი აზრით, ესაა ჩვენი უპირატესობა, ყველაზე ძლიერი სათადარიგო სკამი, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს ტიტულისთვის რბოლაში... რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ძალიან დიდი სურვილი მაქვს თასის მოგების, თუმცა რეალობა ისაა, რომ კლუბს ჯგუფიდან გასვლაც შეიძლება სანატრელი გაუხდეს. შეუთამაშებლობა, გამოუცდელობა და წნეხი, რომელსაც მოთამაშეები განიცდიან გამოჩნდა ჩატარებულ ორ შეხვედრაში. პსვ-სთან და "ვოლფბსურგთან" მატჩებში დალაგებული, კომბინაციური შეტევა არ გაგვიკეთებია, რისთვისაც პირველ შეხვედრაში დავისაჯეთ, ხოლო მეორეში- გაგვიმართლა.
როგორი დამოკიდებულება გაქვთ "ევერტონისადმი" და რა დასკვნა გამოიტანეთ ბოლო მარცხის შემდეგ "ევერტონის" წინააღმდეგ? რა აკლია "მანჩესტერს", რათა მიაღწიონ უკეთეს შედეგს ჩემპიონთა ლიგაზე და პრემიერ ლიგაში?"ლაშა ვეკუა: "სიმართლე ვთქვა, "კანფეტების" მიმართ არც ზიზღის გრძნობა მაქვს და არც სიყვარულის, თუმცა, ალბათ, დადებითი ოდნავ მეტია. "ევერტონს" საკმაოდ საინტერესო გუნდი ჰყავს, ახალგაზრდა და ნიჭიერი ბიჭებით, რომლებსაც ბევრის შეთავაზება შეუძლიათ, სწორედ ახალგაზრდები არიან გუნდის ლიდერები: რომელუ ლუკაკუ და როს ბარკლი. შარშანდელი ცუდი სეზონი მეტწილად, სწორედ ამ ორი მოთამაშის არასასურველი ფორმის ბრალი იყო. ლივერპულულ კლუბში ყოველთვის იყვნენ ტალანტები, უეინ რუნი ამის ნათელი მაგალითია. "ლურჯები" გრანდების გამწარებითაც გამოირჩეოდნენ, არაერთი მატჩი მახსოვს, როდესაც ფერგის "იუნაიტედი" ან მარცხდებოდა ან უმძიმესი ბრძოლის შემდეგ აღწევდა წარმატებას.
"გუდისონ პარკზე" გამართული უკანასკნელი შეხვედრა, ძალიან ჰგავდა სულ რამდენიმე დღის წინ "ემირეითსზე" ჩატარებულ მატჩს, არამარტო ანგარიშით. არ ვაკნინებ ევერტონელთა ბრწყინვალე თამაშს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მათ ყველაფერი გამოსდიოდათ, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ, ხოლო "ეშმაკებს" საპირისპიროდ - არაფერი. ვან გაალის გუნდი უშანსოდ დამარცხდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ არასწორი ტაქტიკა იყო არჩეული, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ისეთი, რომელიც "ევერტონს" აწყობდა. ფაქტი იყო, რომ მასპინძლები მეორე ნომრად, კონტრშეტევებზე ითამაშებდნენ, ლუიმ კი ნახევარდაცვის ცენტრში მხოლოდ დეილი ბლინდი გაამწესა, მის წინ კი- ანდერ ერერა და მარუან ფელაინი, რომლებიც უფრო მეტად შეტევაზე იყვნენ პასუხისმგებლები. მეტოქემ "საჩუქარი" შესანიშნავად გამოიყენა და საშინაო დავალება 10-იანზე შეასრულა, სამიდან ორი გოლი სწორედ კონტრშეტევას მოჰყვა. ვფიქრობ, ვან გაალი ამჯერად მსგავს შეცდომას არ დაუშვებს და გაცილებით კარგ თამაშს ვიხილავთ "იუნაიტედის" შესრულებით."
ჩვენი კითხვები ევერტონის ფან-კლუბს:
როგორ აღწერთ "ევერტონის" თამაშს "ლივერპულის" წინააღმდეგ? რა პრობლემები აქვს გუნდს და რით შეიძლება "იუნაიტედმა" ისარგებლოს? ვის გამოარჩევდით გასულ შეხვედრაში?დიმიტრი: "ჩემი აზრით, "ევერტონმა" დაიმსახურა მყარი ოთხიანი. ძალიან მომეწონა დაცვის თამაში. იყო არასასიამოვნო მომენტები, მაგრამ საერთო ჯამში, გუნდი საკმაოდ ამბიციურად გამოიყურებოდა. თუმცა წინ მთელი სეზონია და ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით სანერვიულო არაფერია, მაგრამ არც სასიხარულოდ გვაქვს საქმე.
საუკეთესო, რა თქმა უნდა, მორი იყო. მან გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა და დამაჯერებლად თამაშობდა ბურთზე. იგი ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ მწამს, რომ მომავალში გუნდის სახსარი იქნება.
როგორც ყოველთვის - ტრავმები და გამოუყენებელი მომენტები. ერთადერთი ფაქტორები, რითაც შეიძლება ისარგებლოს ''მანჩესტერმა''. მაგრამ, ''მეთოფეებთან'' მატჩის შემდეგ, "იუნაიტედს" სერიოზული პრობლემები აქვს. მატჩი მარტივი არავისთვის იქნება, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ, მხოლოდ გამარჯვებისთვის."
"ევერტონმა" სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, გუნდი დღეს მე-7 ადგილზე იმყოფება და მეხუთე ტურს მარცხის გარეშე ასრულებს. თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული გუნდის ასეთი წარმატება?ივანი: "პირველ რიგში, ეს დაცვის დამსახურებაა. იაგიელკა-სტოუნზის კავშირი, ალბათ, ყველაზე საიმედოა ჩემპიონატში. შეტევების უმეტესობა უბრალოდ არ მიდის კარში დარტყმამდე. ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი კიპერის, ტიმ ჰოვარდის არაჩვეულებრივი თამაში.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო გუნდის შეთამაშებულობა. თუ დააკვირდით, რამდენიმე მატჩში ჩვენ ორი გოლის სხვაობით ვაგებდით, მაგრამ ბოლოს სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
არაჩვეულებრივ თამაშს აჩვენებენ ჩვენი ახალგაზრდები: ბარკლი, ლუკაკუ და დეულოფეუ. ბიჭები თამაშიდან თამაშამდე აგროვებენ გოლებსა და საგოლე გადაცემებს, რაც არ შეიძლება, არ გახარებდეს.
ყოველი ტურის შემდეგ, გუნდი პროგრესს განიცდის, რწმუნდება საკუთარ ძალებში, ამიტომ ჩვენ სერიოზული კანდიდატები ვართ ოთხეულში მოსახვედრად."
ბოლო მატჩი ამ ორი გუნდის წინააღმდეგ ევერტონის სასარგებლოდ დასრულდა (3-0) , როგორ აფასებთ თქვენი გუნდის შანსებს? შეძლებს თუ არა მარტინესის გუნდი მეორეჯერ დაამარცხოს "წითელი ეშმაკები"?კირილი: "ვფიქრობ, შანსები საკმაოდ კარგი გვაქვს. "ევერტონი" არ დამარცხებულა მეშვიდე ტურია. მაგრამ ვან გაალის გუნდს სერიოზული მოტივაცია აქვს "არსენალთან" მარცხის შემდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, ორივე გუნდს კარგი შანსები აქვს გამარჯვებისთვის. საკითხავი ის არის, ვინ გამოიყენებს ამ შანსებს."