როგორც მოგეხსენებათ, ამ კვირას საფეხბურთო სამყაროში სანაკრებო პაუზაა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთა უმეტესობა ეროვნულ ნაკრებთა ღირსებას იცავს. ინგლისის ნაკრებში გამოძახებულმა მაიკლ კერიკმა და ნაკრების კაპიტანმა, უეინ რუნიმ სამი ლომის მიერ გამართული ორივე შეხვედრა გამოტოვეს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"დასვენება უეინს ნამდვილად წაადგება. "იუნაიტედისთვის" და თავად რუნისთვისაც ეს კარგი ამბავია, რადგან ის შეძლებს "ევერტონთან" მოედანზე გამოსვლას და ლუი ვან გაალის გუნდის დახმარებას." - ციტირებს ჰოჯსონს Manchester Evening News.
"მაიკლ კერიკმა ოთხშაბათს საკმაოდ ინტენსიური ვარჯიში სრულად ჩაატარა, თუმცა საზარდულის არეში მცირე პრობლემა აღმოაჩნდა და გადავწყვიტეთ, მისი ჯანმრთელობით არ გაგვერისკა."
მცირე პრობლემები აქვს მარკოს როხოს, რომელმაც "საუტჰემპტონთან" მატჩში მიიღო მუხლქვეშა მყესის დაზიანება და ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია. ანდერ ერერამ ბოლო ორი მატჩი გამოტოვა ფეხის კუნთის დაჭიმულობის გამო, თუმცა უკვე განაახლა ვარჯიში.
მოსალოდნელია, რომ ოთხივე ფეხბურთელი შეძლებს "გუდისონ პარკზე" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.