ხუან მატამ განაცხადა, რომ მოხარულია "მანჩესტერ იუნაიტედში" მარჯვენა ფლანგზე თამაშით და "ათიანის" პოზიციაზე დაბრუნებას არ ესწრაფვის.
27 წლის მატა, რომელიც 2014 წლის იანვარში "ჩელსიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ "წითელი ეშმაკების" რეკორდული შენაძენი გახდა 37,1 მლნ. ფუნტად, მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურაა და ამას მარჯვენა ფლანგზე თამაშიდან ცენტრში შეწევით ახერხებს.
თუმცა მატას ყველაზე შედეგიანი სეზონი "ჩელსიში" ჰქონდა, როცა 2012/13 წლებში 20 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელმაც "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში გასულ სეზონში დაიბრუნდა ადგილი, მოგვითხრო, რომ კარიერის განმავლობაში არაერთ პოზიციაზე უთამაშია.
"თავდამსხმელად ვთამაშობდი, შემდეგ "ათიანზე", "ვალენსიაში" მარცხენა ვინგერი ვიყავი, "ჩელსიში" კი ნახევარმცველი.
ძალიან კმაყოფილი ვარ მოედანზე ჩემი ამჟამინდელი პოზიციით. მნიშვნელობა არ აქვს სად თამაშობ, მთავარია გუნდს ეხმარებოდე. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთში საუკეთესო შეგრძნება მაშინ გეუფლება, როცა გოლი გაგაქვს.
მახსოვს, როცა 10 თუ 11 წლის ვიყავი და ბევრი გოლი გამქონდა, თავდასხმაში თამაში ძალიან მომწონდა. მადრიდში გადავედი, შემდეგ ვალენსიაში, შემდეგ კი ინგლისში - ყველაფერი სწრაფად მოხდა. ვგრძნობ, ძალიან გამიმართლა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ".