წაკითხვამთელი ამ წლების განმავლობაში წაკითხული წიგნებისგან ბევრი რამ მივიღე. ბავშვობაში მშობლებს იმედს ვუცრუებდი იმის გამო, რომ სკოლაში საკმარისად კარგად არ ვმეცადინეობდი (ძირითადად იმიტომ, რომ ფეხბურთი მიყვარდა), ასე რომ, ჩემი სისტემატიური განათლება დასრულდა, როცა 16 წლის გავხდი. მაგრამ ყოველთვის მომწონდა კითხვა. საერთოდ, 1958 წლის 6 თებერვალს გლაზგოს ბიბლიოთეკაში ვიყავი, როცა მიუნხენის ტრაგედიის შესახებ გავიგე. მრავალი წელია მიწერილი ვარ ყოველკვირეულ Daily Express, Scottish Sunday Mail-სა და Sunday Post-ზე, შაბათ-კვირას კი Sunday Express-სა და Independent-ზე. ასევე Racing Post-თან ერთად ვსუნთქავ, რომელიც დოღის შესახებ ბოლო ცნობებს მაწვდის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წიგნები მიყვარდა.
ჩემი ინტერესები ლიტერატურაში მხოლოდ საფეხბურთო თემატიკით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მწვრთნელი, რომლის ნაწარმოები წამიკითხავს, მუშაობდა სპორტში, რომლის შესახებ არაფერი ვიცი. ეს არის დიდებული საკალათბურთო მწვრთნელი ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში. ჯონ ვუდენი, რომელმაც თავის გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში 12 სეზონში 10-ჯერ მოუპოვა ჩემპიონობა. ვფიქრობ, ის უფრო ძლიერი იყო წაქეზებაში, ვიდრე ტაქტიკაში, მაგრამ ეჭვი არ არსებობდა, ვინ იყო ბოსი. ვერ იტანდა დაუმორჩილებლობას ან ხალხს, რომლებიც მის მიერ არჩეულ გზას უხვევდნენ. წამიკითხავს ასევე ვინს ლომბარდის შესახებ, რომელმაც სახელი შეერთებულ შტატებში "გრინ-ბეი პეკერსის" მწვრთნელის რანგში გაითქვა. ისევე უყვარდა ამერიკული ფეხბურთი, როგორც მე ინგლისური. ადვილად ვაიგივებ თავს მასთან და მისი გამოთქმები მიყვარს: "თამაში არ წაგვიგია, უბრალოდ დრო არ გვეყო".
ხშირად ჩავფლულვარ მენეჯმენტსა და ლიდერობაზე დაწერილი წიგნების კითხვაში, მაგრამ, შესაძლოა, იმის გამო, რომ ყოველთვის დაკავებული ვიყავი საკუთარი საქმით, არ ვაწყდებოდი წიგნს, რომელიც ჩემში წადილს გამოიწვევდა. ანალოგიური სიტუაციაა სპორტისა და ფეხბურთელთა ბიოგრაფიების შესახებ წიგნებთან მიმართებაშიც. "იუნაიტედის" ფეხბურთელთა ავტობიოგრაფია დიდწილად ის არის, რაც უკვე გადავიტანე, თუმცა სხვა რაკურსით. აღმოვაჩინე, რომ ვამჯობინებ იმ წიგნების კითხვას, რომლებიც ნაკლებად უკავშირდება ჩემს ყოველდღიურ ვალდებულებებს. ხანდახან ფეხბურთის შესახებ სხვა წიგნებსაც ვპოულობ, მაგალითად, დევიდ პისის რომანს "წყეული "იუნაიტედი", მონათხრობს 44 წლის წინ "ლიდსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომუშავე ბრაიან კლაფის შესახებ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მათ საინტერესოდ მივიჩნევდი. სხვათაშორის, ძალიან მომეწონა "მშვიდობით, მაგრამ არა ნახვამდის", ბობი რობსონის ავტობიოგრაფია, ადამიანის, რომელსაც უსაზღვროდ ვაფასებ. კარიერა მაღაროში დაიწყო, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნის შემდეგ, რომელთან ერთად 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, გამბედაობა მოიკრიბა და ჰოლანდიაში პსვ-ს გასაწვრთნელად წავიდა. შემდეგ იყო "პორტუსა" და "ბარსელონას" მწვრთნელი, ბოლოს კი, მშობლიურ ქალაქში, ნიუკასლში დაბრუნდა. მოთამაშეთა ავტობიოგრაფიიდან გარი ნევილის "წითელს" გამოვყოფდი, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა. კარგად გააზრებული წიგნია, რომელიც მკითხველს ეხმარება შეიგრძნოს ზეწოლა, რომელიც ფეხბურთელებს აქვთ და მათი შეწირულობა წარმატების მისაღწევად.

არ მინდა ამას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო, მაგრამ რამდენიმე გამოთქმა ვიპოვე საომარი ისტორიების წიგნებში, რომელთა დაკავშირება ფეხბურთთან შეიძლება. თითოეულმა გენერალმა უნდა იცოდეს, როდის ღირს შეტევა და როდის სიფრთხილე. უცნაურია, რომ იგივე აზრი გაიმეორეს დიდი ბრიტანეთის განსაკუთრებული დანიშნულების საპარაშუტო-სადესანტო ნაწილის კურსებზე, რომელთაც ვესწრებოდი. იქ ახსნეს, როგორ ახდენდნენ უკან დახევის ორგანიზებას და მოწინააღმდეგის გატყუებას ერთ ფლანგზე, შემდეგ კი ცენტრში მომაკვდინებელი დარტყმის განხორციელებას. ერთხელ, "იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელი რამდენიმე დღით ჰარდფორშირში სავარჯიშო მოედანზე წავიყვანეთ. ყველაფრის ცდის უფლება მოგვცეს: ვერტმფრენების ჯალამბარებით დაშვება, სროლა, ტყვეთა აყვანის მოდელირება. მოთამაშეებს მოეწონათ. დიდი ბრიტანეთის განსაკუთრებული დანიშნულების საპარაშუტო-სადესანტო ნაწილის კურსებმა საბრძოლო წესრიგის ეფექტურობის გაკვეთილი ჩამიტარა, როცა მებრძოლები, რომლებიც ფლანგებს უტევდნენ, დაცვის ცენტრში სუსტ ადგილებს ქმნიან. ეს ცოდნა სავარჯიშო მოედანზე გადავიტანე, სადაც "ლივერპულთნ" მატჩისთვის ერთ კვირას ვემზადებოდით. მოთამაშეები შორეულ და ახლო ძელებს უტევდნენ, შემდეგ კი გარი პალისტერი ცენტრში შეიჭრა, რათა გაეტანა. საერთოდ, პალისტერმა ერთი და იგივე ილეთის გამოყენებით ორჯერ გაიტანა. ეს სამხედრო ბრძოლის სტრატეგიული გეგმის ნამდვილი გამოვლინება იყო, მაგრამ ტელეკომენტატორებმა ვერ შეამჩნიეს.
ყოველთვის მაინტერესებდა ამერიკული ისტორია - საომარიც და პოლიტიკურიც - და ბევრი წამიკითხავს ავრაამ ლინკოლნისა და ჯონ კენედის შესახებ, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღებამდე აუჩქარებლობის მნიშვნელობაზე. დორის კერნს გუდვინის წიგნი "მოწინააღმდეგეთა გუნდი: პოლიტიკური გენიოსი ავრაამ ლინკოლნი" საინტერესო აღმოჩნდა, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის დროს კენედის აუჩქარებელი მოქმედებები კი - დაფიქრებული გადაწყვეტილების მიღების შესანიშნავი მაგალითი. სამწვრთნელო კარიერის ადრეულ პერიოდში შემეძლო იმპულსური ვყოფილიყავი - ყოველთვის ვჩქარობდი და ვცდილობდი ავტორიტეტის დემონსტრირებით ყველაფერი გამეკეთებინა. გამბედავი უნდა იყო, რომ თქვა: "მომეცით საშუალება ამაზე დავფიქრდე". როცა ახალგაზრდა ხარ, მთვარეზე გაფრენა გინდა, თან მალე. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ჩვეულებრივ ახალგაზრდული ენთუზიაზმია. წლებთან ერთად ენთუზიაზმის ნაპერწკალი გამოცდილებად იქცევა.
მესმის, რომ თითოეული ჩვენგანის ფორმირებას მრავალი ფაქტორი ახდენს და არა მარტო დაკვირვება, მოსმენა და კითხვა. ყველანი ჩვენი მშობლების დნმ-ის შემთხვევითი მსხვერპლები ვართ; ჩვენს ფორმირებას წარმატებული კენჭისყრა და გარემოება ახდენს, რომელშიც გავიზარდეთ და განათლებაც, რომელიც მივიღეთ. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს აქვს ორი ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც სრულად ვაკონტროლებთ: ჩვენი თვალები და ჩვენი ყურები. სხვებზე დაკვირვება, მათი რჩევების მოსმენა, ხალხის შესახებ წაკითხვა - ჩემ მიერ მიღებული სამი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
წყარო: Carrick.ru