ჩემპიონთა ლიგის მატჩისგან განსხვავებით, "არსენალის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მორგან შნეიდერლინის ნაცვლად მაიკლ კერიკი მოგვევლინა, ხოლო ანტონიო ვალენსია ეშლი იანგმა შეცვალა. ამ ორი ცვლილების გარდა, განაპირა მცვლებმა გაცვალეს ადგილები: დარმიანი მშობლიურ მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდა, ხოლო მისი ადგილი ხსენებულმა იანგმა დაიკავა.
ლუი ვან გაალის გადაწყვეტილება მარტივი და სავარაუდო იყო, მარჯვენა ფლანგზე იანგის გამწესება, რომელიც არ გამოირჩევა დაცვაში კარგი თამაშით, საუცხოო ფორმაში მყოფი სანჩესის წინააღმდეგ თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. სინამვილეში კი, ჩილელის წინააღმდეგ მატეოს დაყენება აღმოჩნდა სუიციდი.
მატჩის მიმოხილვა
ჯოჯოხეთის 20 წუთი
ნათელია, რომ "ეშმაკებმა" მატჩი საწყის 20 წუთში წააგეს. სამი უპასუხო გოლის გატანამ, "არსენალი" ძალიან კომფორტული სიტუაციაში დააყენა და მისცა საშუალება თამაში კონტრშეტევებზე აეწყო და თავისუფალი ზონებით ესარგებლა.
საბოლოოდ, სწორედ თავისუფალმა ზონებმა და არასწორად შერჩეულმა პოზიციებმა მიიყვანა "იუნაიტედი" ასეთ მდგომარეობამდე.
პრესინგი
მთელი მატჩის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედი" მეტოქეს სუსტ და არაფრის მომცემ პრესინგს სთავაზობდა. მიაქციეთ ყურადღება თუ როგორ "ცდილობენ" "წითლები" ბურთის ართმევას პირველი გოლის ეპიზოდში.
არანაირი შეთანხმებული მოქმედება "იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის, პრესინგის დროს ერთ-ერთი მოთამაშე ადიოდა ბურთიან "მეთოფეზე" და აწუხებდა მას, ასეთი მოქმედება არაფრის მომცემი და დამღლელია. მანჩესტერელები ძაღლს უფრო ჰგავდნენ, რომელიც ბურთს დასდევს აქეთ-იქით. როგორც არ უნდა ეცადო და დაიხარჯო, ყველა შენი მცდელობა წყალში ჩაიყრება მარტივი პასით, რომელიც ორი მეტრის რადიუსში კეთდება.
მიაქციეთ ყურადღება დეპაის და შვაინშტაიგერს, ისინი ერთმანეთის შენაცვლებით მიდიან მეტოქეზე, თუმცა შედეგი კვლავ არ არის, მიუხედავად იმისა რომ ბასტიანი ცდილობს აგრესიულად იმოქმედოს. ამასთან, პრეტენზიას იმსახურებს რუნი, რომელიც კოკლენს აძლევს საშუალებას ძალიან მარტივად მიიღოს ბურთი და გააგრძელოს შეტევა.
მარჯვენა ფლანგი
სანჩესმა და იოზილმა, გოლების ეპიზოდში როგორც პოზიციურად ისე ინდივიდუალურად დაჩაგრეს "იუნაიტედის" მცველები: დარმიანი და სმოლინგი.
დავუბრუნდეთ პირველი გოლის ეპიზოდს, მას შემდეგ რაც იოზილის მისამართით საჯარიმოში გამჭოლი პასი გაკეთდა, თითქოს გერმანელს არ ჰქონდა არანაირი არჩევანი, რადგან ერთი შეხედვით დარმიანს სრულად ჰყავდა გადაკეტილი სანჩესი.
წამის მეასედებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, დარმიანმა და სანჩესმა ადგილები გაცვალეს, რამაც ჩილელს მისცა საშუალება ელეგანტური დარტყმით აეღო დე ხეას კარი.
პირველს თითქმის მომენტალურად მოპყვა მეორე გოლი
ამჯერად შეტევა მარცხენა ფლანგიდან განვითარდა, თუმცა მომენტის მთავარი მოქმედი პირი, იოზილი, საჯარიმოს ცენტრში შერბის, რასაც სმოლინგი კარგად ხედავს და თითქოს სიტუაციასაც აკონტროლებს.
გადის რამდენიმე წამი და დეჟავიუ, კვლავ თითქოს კონროლირებადი სიტუაციიდან იქმნდება კატასტროფა.
მესამე გოლი ალექსისმა პრაქტიკულად მარტომ შექმნა.
კვლავ მოტყუვდა დარმიანი, ხოლო დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა სანჩესმა უბრალოდ შანსი არ დაუტოვა დე ხეას.
***
ალექსის სანჩესმა 4-ჯერ სცადა მეტოქის მოტყუება და ეს მას სამჯერ გამოუვიდა, სამივე მათგანს უაღრესად სახიფათო მომენტი მოჰყვა, რაც არა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩილელი ერთი თავით მაღლა იდგა იტალიელ მცველზე, არამედ იმაზეც რომ მატეოს დამზღვევი არ ჰყავდა.
კიდევ ერთი თამაშის კომპონენტი - ართმევები. ამ მაჩვენებელში "იუნაიტედი" განადგურდა. "მეთოფეებმა" 23-ჯერ აართვეს ბურთი მეტოქეს, მაშინ როცა "ეშმაკებმა" ეს მხოლოდ 6-ჯერ გააკეთეს. სიტუაცია არც შესვენების შემდეგ შეიცვალა, ლონდონელები კვლავ აგრძელებდნენ დაცვაში კარგად თამაშს.
კონცენტრაცია, სისწრაფე და ინდივიდუალური მოქმედება - ის სამი კომპონენტი, რომლითაც წითელ ფორმიანმა გუნდმა უბრალოდ გაანადგურა "იუნაიტედი".
შვაინშტაიგერის პოზიცია
ბასტიანი, უდავოდ ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო "მანჩესტერ იუნაიტედიდან", ჩვენ უკვე განციხილეთ მისი პრესინგის მცდელობები, რომელიც უშედეგოდ სრულდებოდა. ჩნდება კითხვა: რას აკეთებს გერმანელი შეტევის ხაზში? რატომ არიან რუნი და მარსიალიც კი მასზე უკან? ეს ნამდვილ გამოცანად იქცა "არსენალთან" შეხვედრაში.
ასევე ვნახეთ როგორ იწყებდა იგი თავისი გუნდის შეტევას საჯარიმოდან.
გერმანელი ბევრს ცდილობდა, მიდიოდა ბურთის ართმევაზე, იწყებდა შეტევებს, ანაწილებდა პასებს, ალბათ როდესაც დაინახა რომ გუნდს თამაში არ მისდიოდა ლიდერობის საკუთარ თავზე აღება გადაწყივტა და თანაგუნდელების "მოქოქვა" განიზრახა, თუმცა უშედეგოდ.
ენტონი მარსიალი
10. ზუსტად ამდენჯერ სცადა ფრანგმა თინეიჯერმა მეტოქის მოტყუება, რაც ორჯერ მეტია ვიდრე რომელიმე მისი თანაგუნდელის მცდელობათა რაოდენობა. "არსენალიდან" ამ კუთხით კასორლა გამოირჩა, რომელმაც 7-ჯერ გადაწყვიტა შავ მაისურიანი მოთამაშისთვის გვერდი აეარა.
თუმცა უმეტეს შემთხვევებში მცდელობა მცდელობადვე რჩებოდა. 10-დან 8 შემთხვევაში ენტონის მცველებმა აჯობეს, თუმცა თუ ამას მეორე მხრიდან შევხედავთ მარსიალი არ მიდის მეტოქის მოსატყუებლად, როგორც ამას დი მარია ან თუნდაც დეპაი აკეთებენ, თითქოსდა მოვალეობას იხდიდნენ, ფრანგი თითქმის ყოველ ჯერზე ცდილობს გაამწვავოს თამაში. უფრო მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ 10-დან 6 მცდელობა მექოქის საჯარიმოში იყო, რაც იმაზე მეტყველებს რომ ენტონის შეუძლია გაიხსნას რთულ სიტუაციაში და მიიღოს კიდეც ბურთი.
ამ სიტყვების გამო შესაძლოა მიკერძოებულობა დამაბრალოთ, მაგრამ ეს არაერია. მარსიალის მჯერა და ვპატიობ მას ყველა დაკარგვას, რადგან ეს ბიჭი ცდილობს რაღაც ახალი მოიგონოს და გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს.
ერთადერთი შენიშვნა მას - რიგ ეპიზოდებში უფრო ადრეც შეიძლება ხოლმე ბურთთან გამომშვიდობება და გადაცემის გაკეთება ან კარში დარტყმა.
დასკვნები
რთულია ისეთ მატჩიდან დასკვნის გამოტანა, რომელიც არც დაწყებულა ისე დასრულდა. უსიტყვოდ, "არსენალმა" ჯერ-ჯერობით სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, შეძლებენ ისინი იგივეს განმეორებას შემდეგ შეხვედრებში? რთული სათქმელია. რაც შეეხება ლუი ვან გაალის გუნდის პრობლემას, რომელმაც თავი იჩინა პირველივე წუთებზე - არის ის, რაც ნერვიულობის საბაბს იძლევა.
უნდა ვინერვიულოთ ფლანგის მცველებზე, რადგან ვერც იანგმა და ვერც დარმიანმა ვერ მოახერხეს ნორმალური მატჩის ჩატარებაც კი. აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშე პირწმინდად დაჯაბნა ჩილელმა ვინგერმა, ხოლო იანგი რიგ შემთხვევებში რემზის ვერ უმკლავდებოდა.
კიდევ უნდა ავღნიშნოთ უეინ რუნის თამაში, რომლის პერორმანსი ერთი სიტყვით ხასიათდება - საშინელი. რუნი აგრძელებს არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას, ორთაბრძოლების წაგებას. მეორე ტაიმში ძველი რუნის კონტურები გამოჩნდა, რომელსაც შეეძლო მარტოს მეტოქის მცველთა რბევა, სახიფათო მომენტების შექმნა, მეტოქის კარის მიმართულებით დარტყმა, თუმცა ეს მხოლოდ კონტურები იყო, თუმცა ესეც კი გვიტოვებს იმის იმედს რომ უეინს კვლავაც შესწევს ძალა "იუნაიტედის" ლიდერი იყოს, მას ხომ ჯერ კიდევ რამდენიმე რეკორდი აქვს დასამხობი.
ავტორი: ალექსანდრე კორონევ
სტატიები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.