ენტონი მარსიალმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ლონდონის "ჩელსიში" გადასვლაზე უარი "იუნაიტედის" სასარგებლოდ განაცხადა.
"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტის, ვადიმ ვასილიევის განცხადებით, 19 წლის ფორვარდით ევროპის კიდევ ერთი გრანდი ინტერესდებოდა და მანჩესტერული გაზეთი M.E.N. ირწმუნება, რომ ასეთი გუნდი ლონდონის "ჩელსი" იყო.
"სტემფორდ ბრიჯის" მკვიდრები მარსიალის თაობაზე 2 სექტემბრამდე, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე აპირებდნენ საქმის მოგვარებას და ფრანგულ კლუბს მისი ერთი წლით დატოვების უფლებასაც უტოვებდნენ.
მარსიალმა, რომლის სატრანსფერო ღირებულება ნაცვლად 36 მლნ. ფუნტისა შეიძლებოდა 58 მლნ. ფუნტი ყოფილიყო, "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, მათ შორის "ლივერპულის" წინააღმდეგ.
"სხვა კლუბიც იყო, რომელიც უფრო მეტს გვთავაზობდა, ვიდრე "იუნაიტედი". არ გეტყვით, ზუსტად რამდენს, მაგრამ ფიქსირებული ფასი, ყოველგვარი ბონუსების გარეშეც კი უკეთესი იყო. გარდა ამისა, გვთავაზობდნენ კიდევ ერთი წლით დაგვეტოვებინა.
მაგრამ ბიჭს მანჩესტერში სურდა გადასვლა, ეს მისი ოცნება იყო. ჩვენ კი მას წასვლის უფლება მივეცით თუ 30 მლნ. ევროზე მეტს გადაიხდიდა ვინმე. ასეთი თანხა რომ არ შემოეთავაზებინათ, დარჩებოდა" - განაცხადა ვადიმ ვასილიევმა.