ლუი ვან გაალმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მეტოქეზე ისაუბრა.
ლუი ვან გაალმა "არსენალის" სათამაშო სტილისადმი თავისი სიმპათია არ დამალა და განაცხადა, რომ მისი გუნდი "ემირეიტს სტეიდუმზე" მეტოქეს უნდა უფრთხილდეს, რადგან შუა კვირაში სახლში დამარცხების შემდეგ "მეთოფეებს" ძალების მოკრება შეუძლიათ.
არსენ ვენგერის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ სამშაბათს ღამით 2-3 დამარცხდნენ, 1 დღის შემდეგ კი "იუნაიტედმა" "ვოლფსბურგს" სძლია 2-1.
"წითელმა ეშმაკებმა" გასულ სეზონში ლონდონელთა დამარცხება მათსავე მოედანზე შეძლეს, მომდევნო გათამაშებას კი პრემიერ ლიგის ლიდერის რანგში ხვდებიან, თუმცა ვან გაალს მიაჩნია, რომ ეს იქნება დაპირისპირება ტექნიკურად ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდთან, შესაბამისად რთული მატჩი ელოდება.
"ვფიქრობ, "არსენალი" ერთ-ერთი" საუკეთესო გუნდია ლიგაში ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით - შესაძლოა, საუკეთესოც. მომწონს მათი თამაშის სტილი. მიუხედავად ამისა, საკმარისად ბევრი მატჩი არ მოუგიათ, ამიტომ ამ გუნდით განვითარებას უნდა ესწრაფოდე. მაგრამ მე არ ვარ მათი მწვრთნელი, ასე რომ, მე არ უნდა გავაკეთო ეს!
გასულ სეზონში "ემირეიტსზე" ძალიან იღბლიანი მატჩი ჩავატარეთ. მჯერა, "არსენალი" უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ ასოციაციის თასზე ჩვენ ვიყავით უკეთესი გუნდი, თუმცა დავმარცხდით. ეს ფეხბურთია. შეიძლება წააგო მაშინაც კი, როცა უკეთესი გუნდი ხარ. სახლში ფრე ვითამაშეთ, ასე რომ, ეს აჩვენებს, მეტ-ნაკლებად თანაბარი გუნდები გვყავს. ვფიქრობ, "არსენალი" ძალიან კარგი გუნდია მაღალი დონის ინდივიდუალური ფეხბურთელებით". - განაცხადა ვან გაალმა.
როცა ჰკითხეს, მისი აზრით, როგორი რეაქცია ექნებოდა "არსენალს" შუა კვირაში განცდილ მარცხზე, მან უპასუხა:
"რა თქმა უნდა, არ ვიცი, რადგან იქ არ ვარ, მე აქ ვარ! ვფიქრობ, "არსენალს" მარცხისგან თავის დაღწევა შეუძლია. ეს მრავალჯერ აჩვენეს".ვან გაალმა, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ მაიკლ კერიკი თამაშს შეძლებს, განაცხადა, რომ არ სურს იგივე განმეორდეს, რაც გასულ წელს სანაკრებო შესვენებამდე, როცა "სუონსისთან" დამარცხდა და იმედოვნებს, რომ იღბალი და სხვა ფაქტორები კვირას მის მხარეს იქნება.
"ვფიქრობ, გარემოებები", - უპასუხა, როცა ჰკითხეს, თუ რა ქმნიდა განსხვავებებს ტოპ-გუნდებს შორის.
"მაგალითად, "არსენალს" ფორმის აღდგენისთვის ერთი დღით მეტი ჰქონდა, მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია დღეზე, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ და ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ ვდგავართ, ასე რომ, ესეც მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია ასევე, თუ რომელი ფეხბურთელია ფორმაში, რადგან გყავს მოთამაშეები, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ და გყავს მოთამაშეები, რომელთაც არ შეუძლიათ, ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია. მსაჯი მნიშვნელოვანია. ასევე ცოტა იღბალიც გჭირდება".წყარო:
manutd.com