ჯეიმი რედნაპი ანტონი მარსიალს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნევს. ფეხბურთელის მიერ ქალაქ მანჩესტერში გადმოსვლა მართლაც შესანიშნავი აღმოჩნდა, რამეთუ მან შეძლო და ვან გაალის გუნდში ჩატარებულ 6 შეხვედრაში მეტოქის კარი 4–ჯერ აიღო.
ინგლისის ყოფილი ნახევარმცველის განცხადებით, ლიონელ მესის შემდეგ მას ჯერ არ უნახავს ასეთი დონის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ამიტომ ფრანგ შემტევს ნამდვილად შესწევს ძალა, გახდეს ახალი "სუპერ ვარსკვლავი."
"ანტონი მარსიალს ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ შეხვედრაში 90 წუთის განმავლობაში ვაკვირდებოდი და დავინახე, რომ 19 წლის ანტონი უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ამავე ასაკის ლიონელ მესი გამოიყურებოდა."
"მე ვითამაშე უეინ რუნის წინააღმდეგ, როდესაც მას დებიუტი ჰქონდა გუნდში, მაგრამ ამ ბიჭს ძალიან დიდი ინტელექტი და მონაცემები აქვს."
"მან კარგად იცის, როდის გააკეთოს პასი, დრიბლინგი და როდის დაარტყას ბურთი მოწინააღმდეგის კარისკენ. ის ისე გადაადგილდება, მოძრაობს ფეხბურთელებს შორის, თითქოს ისინი იქ არ იყვნენ."
"იმ ყველაფერს, რასაც აკეთებს მიზეზი აქვს. თითქოს ის აქამდეც აქ იყო. შენ ვერაფერს დაარქმევ ამ ყველაფერს, გარდა მაღალი ხარისხისა. მიყვარს მისი თამაშის ყურება. სულ მალე მარსიალი "სუპერ ვარსკვლავი" გახდება"– აცხადებს რედნაპი Sky Sports–თან ინტერვიუში.