"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, იაპ სტამმა მზადყოფნა გამოხატა პრემიერ ლიგის კლუბების მხრიდან მწვრთნელის თანამდებობის შეთავაზებაზე.
ჰოლანდიელმა, რომელიც "იუნაიტედის" რიგებში 1998 წლიდან 2001 წლამდე თამაშობდა, კარიერა 2007 წელს დაასრულა. იაპმა უკვე მიიღო აუცილებელი სამწვრთნელო ლიცენზია და "აიაქსის" რეზერვების გუნდში მუშაობს.
43 წლის სტამი მცირე ხნის წინ "საუთჰემპტონის" მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს ეწვია და ახლა მასაც სურს პრემიერ ლიგაში მუშაობა.
"ინგლისში დაბრუნებისა და "საუთჰემპტონში" კუმანის ნახვის შემდეგ შთაგონება ახალად მეწვია. ინგლისური ფეხბურთი ყველას აჭარბებს. პრემიერ ლიგა - მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, მწვრთნელებისა და მენეჯერებისთვის კი, აქ სამუშაოდ საუკეთესო პირობებია.
ჩემდამი უკვე გამოიჩინეს გარკვეული ინტერესი, მაგრამ ჯერ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. რა თქმა უნდა, საერთაშორისო არენაზე ჯერ კიდევ უნდა წარმოვაჩინო თავი. ყველა დიდებული ფეხბურთელი ვერ ხდება დიდებული მწვრთნელი.
როცა ფეხბურთელი ვიყავი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მწვრთნელი გავხდებოდი. მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელის სამუშაო მიმზიდველი მომეჩვენა. ახლა კი, მზად ვარ, დამოუკიდებლად წარვუძღვე გუნდს". - განაცხადა სტამმა.