27-09-2015, 11:26
ნანახია: 3212,
კომენტარები: 23
Redarmy.ge - ს ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
2014 წლის ბესტსელერის ავტორი Redarmy-ს სტუმარია.
დღეიდან Redarmy.ge შემოგთავაზებთ ინტერვიუებს "იუნიატედის" ცნობილ ქართველ გულშემატკივრებთან. დღეს ჩვენი საიტის სტუმარი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი , მწერალი და პოეტი, 2014 წლის ბესტსელერის ავტორი ("გურული დღიურები") , "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი გიორგი კეკელიძეა. იგი არის ავტორი წიგნისა "ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი" , რომლის დიდი ნაწილი სწორედ "მანჩესტერ იუნიატედზე" საუბარს ეთმობა.
- მოგესამლებით, ბატონო გიორგი. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თანამედროვე ქართველი პოეტისგან და მწერლისგან ინტერვიუს აღება. მოგეხსენებათ, ჩვენი საიტი უკვე სამი წელია "მანჩესტერ იუნიატედის" გულშემატკივრებს ერთგულად, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე ემსახურება და ამით ძალიან ამაყები ვართ. ვიდრე უშუალოდ "იუნაიტედზე" დავიწყებდეთ საუბარს, მინდა გკითხოთ რამდენად დიდი ადგილი უჭირავს ზოგადად ფეხბურთს, როგორც მოვლენას და სპორტის სახეობას თქვენს ცხოვრებაში?
- მადლობა დაინტერესებისთვის. ძალიან კარგია, რომ ფეხბურთის და კონკრეტული კლუბის სიყვარული, ამხელა ენთუზიაზმს ბადებს. ეს ნიშნავს, რომ სხვა საქმეებშიც მონდომებული იქნებით. თუმცა, ბუნებრივია, რომ საკითხის კომერციალიზაციაც შესაძელებელია - ეს თქვენს პროდიქტიულობასაც წაადგება.
რაც შეეხება ფეხბურთთან დამოკიდებულებას, შეიძლება ითქვას, საკრალურია. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, რომ თუ "მანჩესტერმა" თამაში წააგო, იმ კვირაში ჩემი საქმე ცუდად მიდის და პირიქით - თუ მოიგო - წარმატებულად. ფეხბურთს ძირითადად ძველი წიგნებიდან ვეცნობოდი, სადაც "დინამოს" თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატები იყო აღწერილი და ასე, ვირტუალური წარმოდგენებით შევაბიჯე სამყაროში, საიდანაც გამოსვლა, მერე წარმოუდგენელია. სკოლაში ბურთისმაგვარი ჩვრებით ვთამაშობით და ერთი ნაცნობის მიერ გამოწერილ გაზეთ "სარბიელსა" და ჟურნალ "ფეხბურთს" ველოდით და მთელი კვირის მასალას ერთად ვკითხულობდით. მე გურიაში ვცხოვრობდი და ყველაფერი გვიან ჩამოდიოდა. მერე ვცდილობდით, თურქული არხების გადმოცემული რეპორტაჟები დაგვეძებნა ასევე ერთი ნაცნობის მეშვეობით, რომელსაც შესაბამისი ანტენა ჰქონდა. მოკლედ, მაგარი ამბები. ამის მერე ფეხბურთი და მანჩესტერი, გინდა არ გინდა, ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
- თქვენს წიგნში "ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი" , რომელიც 2015 წლის პირველ აპრილს ოფიალურად წარუდგინეთ ფართო საზოგადოებას და რომლის პრეზენტაციასაც ჩვენი საიტის წევრებიც ესწრებოდნენ, მოთხრობილი გაქვთ თქვენი პირველი შეხება "იუნიატედთან". თუ შეიძლება გაიხსენეთ, მაშინ როგორი დამოკიდებულება არსებობდა "იუნიატედის" მიმართ საზოგადოებაში, რამდენად ძლიერ გუნდად აღიქმებოდა ის მასის თვალში?
- ჩემი დაკვირვებით, საქართველოში მოდური პერიოდულად ის ცაკლეული კლუბებია, სადაც ტოპ-ვარსკვლავი თამაშობს. ცხადია, იყო ბექჰემის ფაქტორიც, რომელიც ფეხბურთის გარდა, სხვა გზებითაც გახლდათ პოპულარული, მაგრამ იმ დროის კლუბი მაინც მილანის "ინტერი" იყო - რონალდოს ფაქტორის გათვალისწინებით. დრიმ თიმად აღიქმებოდა. იქ კიდევ ბაჯო, ჯორკაეფი, სამორანო, ძანეტი. თუ როგორ აღიქმებოდა "იუნაიტედი", სწორედ ამ კლუბების შეხვედრა შეგვიძლია გავიხსენოთ 98-99 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ინტერი" - "მანჩესტერის" მატჩი. ხალხის დიდი ნაწილი "ინტერს" ქომაგობდა, "მანჩესტერმა" კი სწორედ მათი დამარცხებით მიაღწია ერთგვარ აღაირებას - ცხადია, მე საქართველოს ვგულისხმობ, სადაც საინფორმაციო სივრცე, დიდწილად რუსული არხების საფეხბურთო მიმოხილვებს გულისხმობდა. იყო ძალიან კარგი გაზეთი "სარბიელი", მაგრამ პრესის პუბლიკა მრავალრიცხოვანი ვერ არის. მაშინ საღეჭ რეზინებს რომ სურათები ახლდა, ე.წ. ნაკლეიკები - იქ ამოსული ფეხბურთელი უფრო ფასობდა, ვიდრე რამე ანალიტუკური სტატია ფერგიუსონის ფენომენზე.
- უკვე წლებია თქვენ "იუნაიტედის" გულშემატკივარი ბრძანდებით და ფერგიუსონის გუნდის აღმასვლას თითქმის თავიდან ბოლომდე შეესწარით. დაწყებული 1999 წლის ფინალიდან დასრულებული 2013 წლის სეზონით. როგორ შეაფასებდით შოტლანდიელის კარიერას? ხომ არ ფიქრობთ რომ მას მეტის მიღწევა შეეძლო ?
- ფერგიუსონი უნიკალური მოვლენაა. მან მართლაც ვინჩესტერივით შეძლო მანჩესტერის რამდენჯერმე გადატენვა - როგორც ერთხელ აღნიშნეს. ეს ფასდაუდებელი საქმეა და ურთულესი. პრემიერ-ლიგის ამდენჯერ მოგება სხვადასხვა თაობით ალბათ დაუძლეველი რეკორდია. ფერგიუსონი მხოლოდ მაღალი კლასის მწვრთნელი არ იყო, როგორც ვთქვათ მოურინიოა. მას შეეძლო ეცხოვრა ერთი ცხოვრებით და ეს ცხოვრება მრავალფეროვანი გაეხადა. სხვებს ბევრი ცხოვრება ( ანუ ბევრი კლუბის გამოცვლა) სჭირდებათ მრავალფეროვნებისთვის, რაც შეეხება მიღწევებს, გული მაინც ჩემპიონთა ლიგაზე მწყდება - ამ მხრივ მას მეტი მონაგარი უნდა ჰქონოდა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის, საწყის წლებში ვერ გამართლებამ და ბოლო წლებში "ბარსელონას" დომინაციამ, დიდი გავლენა მოახდინა.
- თქვენი აზრით, რა დააკლდა "იუნაიტედს" ფერგიუსონის წასვლით?
- ეს გარდაუვალი იყო. ეპოქები სრულდება და ეს ყველაზე უკეთ ფერგიმ იცის. ის მაშინ წავიდა, როცა უნდა წასულიყო. ამან გამოიწვია ის სამი წელი, რასაც ვუყურებთ, მაგრამ ესეც გარდაუვალი ამბავია დიდი ეპოქის მერე. ფართო აზრით, "მანჩესტერს" არაფერი დააკლდა, მეტიც, მოტივაცია მოემატა, რომ დაამტკიცოს - მას სხვა მწვრთნელის ხელშიც ტოპ-კლუბად დარჩენა შეუძლია.
- როგორც ზემოთ აღნიშნული წიგნის შინაარსიდან ჩანს, თქვენს ბავშობაში, როცა "იუნაიტედი" პირველად შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში, ძალიან რთული იყო სპორტული სიახლეების შეგროვება და შესაბამისად, ინფორმაციის ნაკლებობასაც განიცდიდა საზოგადოება. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა, ჩვენთვის ფეხბურთელების ყველაზე პირადი დეტალების გაგებაც კი შესაძლებელია. როგორ ფიქრობთ, როდის უფრო დიდი ხიბლი ჰქონდა გუნდის გულშემატკივრობას, მაშინ თუ ახლა?
- ხიბლი ალბათ მაშინ. თუმცა არ ვისურვებდი იმ დროის მობრუნებას. ახლა ჯობს.
- საინტერესოა, თავად თუ დასწრებიხართ "იუნიატედის" თამაშს ? თუ კი, გთხოვთ მოგვიყვეთ.
- არა, სამწუხაროდ და ვაპირებ. თუმცა, რომ გითხრათ, რომ უამისოდ უბედური ვიქნები, მოგატყუებთ - ტელე-ეკრანიც მყოფნის. შეჩვევის ამბავია.
- როგორ შეაფასებდით "იუნაიტედის" დღევანდელ მდგომარეობას? რამდენად შორს შეუძლია ამ გუნდს წასვლა?
- გააჩნია ვან გაალის სიჯიუტის ხარისხს. წინსვლის ყველა წინაპირობაა.
- "იუნაიტედმა" ზაფხულში ორი ნიჭიერი ახალგაზრდა შეიძინა - ანტონი მარსიალი და მემფის დეპაი. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ისინი უმაღლესი საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობას თუ რიგით ფეხბურთელებად დარჩებიან?
- მე მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. ვფიქრობ, "იუნაიტედის" სტილსაც და სტერეოტიპსაც ამგვარი ფეხბურთელები უფრო ერგებიან, ვიდრე ვთქვათ, დი მარიაა. საზღვრების მოყვარული არ ვარ, მაგრამ კინის, გიგზის, სქოულზის "მანჩესტერის" ინერციით, ცოტათი უფრო ბრიტანული კლუბის მოსურნე ვარ, ჰოლანდიურ-ფრანგული ნაზავით.
- ჩვენს საიტზე უამრავი პროექტი ხორციელდება, ფან-კლუბიც კი ჩამოვაყალიბეთ , სადაც ორმოცდაათ ადამიანზე მეტია გაწევრიანებული და თითქმის ყველა მნიშვნელოვან მატჩზე ვიკრიბებით. საინტერესოა, თუ ადევნებთ თვალს Redarmy.ge-ზე განთავსებულ სიახლეებს? როგორ მოგწონთ საიტის მუშაობა?
- ცხადია, ვადევნებ და მივესალმები. ძალიან კარგია საიხლეების ქართულ ენაზე კითხვის შესაძლებლობა, უფრო კარგი იქნება თუ მეტ დროს დაუთმობთ ანალიტიკური სტატიების თარგმნას.
- ინგლისის ნაკრებზეც მინდა გაგესაუბროთ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ალბიონელებმა ყველა მატჩი მოიგეს და თითქოს თამაშიც დახვეწეს. როგორ ფიქრობთ, აქვს ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი?
- ინგლისის ნაკრები ცალკე საგაა. ამ გუნდს სულ კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ როგორც ერთი ბრიტანელი ჟურნალისტი ამბობდა, როცა ნაკრების ფორმას იცმევენ, ფეხები უკანკალებთ. შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. გასკოინის თაობის მერე, სერიოზული შანსიც კი არ ყოფილა.
- ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი დავიდ დე ხეას წასვლასთან დაკავშირებით. ბევრი ფიქრობდა, რომ გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ის მოღალატის სტატუსის ღირსი იქნებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ფინანსები განმსაზღვრელ როლს თამაშობს , ფიგუს ღორის თავის ვეღარ შეაშინებს. ალბათ გახსოვთ ეს ინციდენტი. შესაბამისად, მოღალატის ცნება ძალიან პირობითი გახდა. მეორე მხრივ, არ არის სასურველი "მანჩესტერი" "რეალის" ერთგვარ საბაზო გუნდად იქცეს. ამიტომაც დე ხეას წასვლა ცუდი საქმე იქნებოდა. მით უფრო, რომ ის ძალიან კვალიფიციური მეკარეა.
- ...დაბოლოს. თქვენ აქტიურად მუშაობთ რეგიონებში ბიბლიოთეკების შესაქმნელად და უამრავი კეთილი ადამიანის დახმარებით წარმატებით ასრულებთ კიდეც წამოწყებულ საქმეს. ცხადია, ლიტერატურა ადამიანებს სულიერ საზრდოს აძლევს და ამისთვის ბიბლიოთეკების არსებობა აუცილებელია. ხომ არ ფიქრობთ რომ დღევანდელი ქართული ლიტერატურა სპორტულ თემატიკაზე შექმნილი წიგნების დეფიციტს განიცდის?
- ვფიქრობ, რომ კი. იმედი მაქვს ამ მხრივ მწერლები და გამომცემლები მეტს მოვინდომებთ.
- დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, ძვირფასი დროის დათმობისთვის. გისურვებთ წარმატებებს.
- დიდი მადლობა თქვენ. მიგულეთ გულშემატკივრად.
ინტერვიუერი : დიმიტრი სანაია