"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს მიაჩნია, რომ მემფის დეპაის პირველი გოლი პრემიერ ლიგაში "სანდერლენდის" დამარცხების მთავარი მიზეზი გახდა.
რუნიმ "შავი კატების" წინააღმდეგ გატანილი გოლით მიმდინარე სეზონში თავისი გოლების ანგარიში გახსნა, შეხვედრაში კი უპირატესობა ორამდე გაზარდა, რასაც მატჩის მიწურულს მატას გოლი დაერთო.
თუმცა ინგლისელი აღნიშნავს, რომ "იუნაიტედს" პირველ ტაიმში გაუჭირდა: "რთული იყო. ეს ვიცოდით გასული სეზონიდან და მიმდინარე სეზონში "ნიუკასლთან" თამაშიდან. მათ გაართულეს, სულ ბურთის უკან იდგნენ და თავს სიცოცხლის ფასად იცავდნენ. ლიგაში დარჩენას ცდილობენ.
მემფისის გოლი შესვენებამდე უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის. რომ არ გაგვეტანა, "სანდერლენდი" ისევ იბრძოლებდა და თავს დაიცავდა. ამან მეორე ტაიმში შედარებით მეტი სივრცე გაგვიჩინა, უკეთესად ვითამაშეთ და უფრო მეტი მომენტი შევქმენით. საბოლოოდ კომფორტული და კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ".
რუნიმ მეორე ტაიმის დასაწყისში ენტონი მარსიალის მიერ მიწოდებული ბურთი კარში გადაგზავნა და მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა: "არ ვღელავდი. "იუნაიტედში" წელს ოთხი გოლი გავიტანე, ინგლისის ნაკრებშიც გამოვიჩინე თავი, ასე რომ, ეს უბრალოდ ლიგაში გატანაზე იყო. იმედია, ახლა ყველა ჩემს ფეხბურთზე იქნება კონცენტრირებული და ამით ვისიამოვნებ".
კაპიტანმა "იუნაიტედის" ახალწვეულიც შეაქო მისი ბრწყინვალე დასაწყისის გამო: "მარსიალი გასაოცარია. ახალგაზრდაა, ეს უნდა გვახსოვდეს. ვფიქრობ, ამ სეზონში და მომავალში ჩვენი გუნდისთვის დიდი ფეხბურთელი იქნება, მაგრამ საშუალება უნდა მივცეთ საკუთარი ფეხბურთით ისიამოვნოს და დარწმუნებული ვარ, მაგიური მომენტები გვექნება".
რუნი ასევე ამტკიცებს, რომ თამაშისგან "იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებიც იღებენ სიამოვნებას: "ვიცით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სეზონია, რადგან ევროპაში დავბრუნდით და "ნიუკასლთან" ნაჩვენები შედეგის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
თუმცა "ნიუკასლსა" და "სუონსისთან" მატჩებს თავი დავაღწიეთ და ახლა კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და მომენტებს ვქმნით. თანაგუნდელების სახეზე ღიმილს შენიშნავთ, ასე რომ, სიამოვნებას ვიღებთ. იმედი მაქვს, ასეთ ფორმაში ვიქნებით და ქულების აღებას გავაგრძელებთ".
ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედი" პირველად იმყოფება ცხრილის სათავეში, რაზეც რუნიმ განაცხადა: "სწორედ ამისთვის ვთამაშობთ - სეზონის დასასრულს პირველ ადგილზე ყოფნა, ამიტომ სასიხარულოა ახლა იქ რომ ვართ. მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა, ადრეა ამაზე ფიქრი, ამიტომ შრომა უნდა გავაგრძელოთ, რათა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ პირველი ადგილის შენარჩუნებას შევძლებთ ან სეზონის ბოლოს იქ ვიქნებით".