ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ თუ ანდრეას პერეირას "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში სურს მოხვედრა, რამდენიმე ფეხბურთელს უნდა გაუწიოს კონკურენცია.
ინგლისის ლიგის თასზე "იფსვიჩის" წინააღმდეგ მარცხენა ფლანგზე ასპარეზობის შედეგად ანდრეასმა გუნდის გამარჯვებაში წვლილი შეიტანა და თავისი პირველი გოლიც გაიტანა "წითელი ეშმაკების" რიგებში.
ასეთ გამოსვლას ლუი ვან გაალი იმით ხსნის, რომ ანდრეასს, ისევე როგორც, ჯესი ლინგარდს, შესწევს უნარი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლოს.
"ეს მისი პირველი მატჩი იყო სასტარტო შემადგენლობაში და ვფიქრობ, კარგად ითამაშა. ფანტასტიკური და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მიხარია, მაგრამ კონკურენცია სხვა ფეხბურთელებს უნდა გაუწიოს, მაგალითად მემფის დეპაის, ხუან მატასა და ეშლი იანგს, ამიტომ მისთვის რთული იქნება.
შეუძლია შვიდიანის, ათიანისა და თერთმეტიანის პოზიციაზე ითამაშოს. ლინგარდსაც შეუძლია ამავე პოზიციებზე თამაში. მულტი-ფუნქციური ფეხბურთელები მყავს, მაგრამ სხვა მოთამაშეებს უნდა გაეჯიბრონ. ეს დამოკიდებულია ფეხბურთელთა დონეზე. ყოველთვის იმ მოთამაშეს ვაყენებ შემადგენლობაში, რომელიც საუკეთესოა და გუნდს ეხმარება". - განაცხადა ვან გაალმა.