ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მარკოს როხო და პედი მაკნეირი "იპსვიჩთან" ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან "საუთჰემპტონთან" მატჩში მიღებული მცირე ტრავმის შედეგად თამაში არ შეუძლიათ.
როხოს მყესის პრობლემა აქვს, ხოლო მაკნეირს, რომელმაც სწორედ როხო შეცვალა "სენტ მერიზე" გამართულ შეხვედრაში, მცირე დაზიანება აღენიშნება.
თუმცა შუა კვირის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფილ ჯონსს. ინგლისელი, რომელსაც თრომბი აღმოუჩინეს, გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა და სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება, რადგან ვან გაალის თქმით, 100%-ით მზად არ არის.
"როხოს მყესის პრობლემა აქვს, მაკნეირს კი მცირე დაზიანება. ეს უნდა აღვნიშნო, რადგან სამი ტრავმირებული მცველი მყავს შოუს ჩათვლით, ჯონსი სათადარიგოზე მეყოლება, მაგრამ მზად არ არის". - განაცხადა ვან გაალმა.
გარდა ამისა, ახალგაზრდა ჯეიმს უილსონი და ჯესი ლინგარდის სამსახური ლუი ვან გაალს არ დასჭირდება, შესაბამისად მათ დასვენების საშუალებას მისცემს.
"ისინი არ მჭირდება, ამიტომ შეუძლიათ დასვენების დღე აიღონ, პარასკევს კი ივარჯიშონ".