ხუან მატა "საუთჰემპტონთან" მოპოვებულ გამარჯვებას ლუკ შოუს უძღვნის, რომელმაც შუა კვირაში მიღებული ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი უნდა გამოტოვოს.
შოუმ 2015/16 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ 20 სექტემბერს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებდა, თუმცა "ფილიპს არენაზე" მიღებულმა ტრავმამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ხელი შეუშალა.
"წმინდანების" წინააღმდეგ მოპოვებული სამი ქულის შემდეგ კი ხუან მატამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამარჯვებას ლუკ შოუს უძღვნის: "შოუს გამო ძალიან ვწუხვართ. რაც მას შეემთხვა, ძალიან დიდი უიღბლობაა, მაგრამ იცის, რომ ყველანი მის გვერდით ვართ და ეს გამარჯვება მას ეძღვნება".
შეხვედრაში ანგარიში გრაციანო პელემ გახსნა და მატა აღნიშნავს, რომ "იუნაიტედი" იძულებული გახდა თავისი დონე ეჩვენებინა: "საუთჰემპტონი" ძალიან რთული გუნდია, რაც სიტუაციას ცვლის, რადგან პირველ 30 წუთში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ისინი უკეთესად თამაშობდნენ და ბევრი საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ პირველი გოლით ყველაფერი შევცვალეთ.
მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და მარსიალმა თავისი მეორე გოლი გაიტანა. მესამე გოლი მე გავიტანე, ამის შემდეგ ბურთი შევინარჩუნეთ და მატჩს ვაკონტროლებდით. რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგაში ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლო, რათა ქულები მოიპოვო".
სწორედ მატას გოლი გახდა გამარჯვების მომტანი, რომელიც მემფის დეპაის მიერ ძელზე გარტყმასა და 44 პასს მოჰყვა. "მემფისი ფანტასტიკურად თამაშობდა და ბურთის შენარჩუნებასა და დასარტყმელად სივრცეს ვეძებდით. საბედნიეროდ, ბურთი ჩემთან მოვიდა, კარგი შესრულება და იმ მომენტში ფანტასტიკურად ვითამაშეთ".
როცა ჰკითხეს, იყო თუ არა ეს გოლი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, მან უპასუხა: "ასე მგონია. დიდებული იყო. ის, თუ როგორ ვაწვდიდით ბურთს, არის თამაში, როგორც გვინდა, რომ ვითამაშოთ".