შეგიძლიათ მას დაუძახოთ მემფისი, მაგრამ არა მემფის დეპაი. მხოლოდ დეპაი ხომ საერთოდ უარესია. ახალგაზრდა ვარსკვლავის მხრიდან ეს შეიძლება ქედმაღლურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის. 21 წლის ნახევარმცველს მიზეზი აქვს, რის გამოც მაისურზე მას მემფისი აწერია.
„ყველას ურჩევნია, რომ მაისურის უკანა მხარეს გვარი ეწეროს, თუმცა არა მე. ბზარი, რომელიც ჩემი და მამაჩემის ურთიერთობაშია, აღუდგენელია. მასთან არ ვლაპარაკობ, არანაირი კონტაქტი არ მაქვს. და არც არასდროს მექნება“ - ამბობს ის.
მემფისი მედიასთან ხშირად არ საუბრობს, განსაკუთრებით პირადულ საკითხებზე. ჰოლანდიურმა გამოცემამ სცადა სხვადასხვა წყაროებიდან შეეგროვებინა ინფორმაცია მის ცხოვრებაზე.
მემფისი როტერდამის გარეუბანში დაიბადა. მისი დედა ჰოლანდიელი იყო, მამა კი განელი. მისი ქუჩა და სამეზობლო სავსე იყო კრიმინალებით. როცა ოთხი წლის იყო, მამამ მიატოვა. დედა ერთადერთ შვილთან, მემფისთან ერთად სხვა კაცთან გადავიდა საცხოვრებლად. კაცთან, რომელსაც უკვე 15 ბავშვი ჰყავდა, სხვადასხვა ქალებისგან. 16 წლის მემფისისთვის ეს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო.
„არ შემიძლია გესაუბროთ, რა ხდებოდა ჩემს სახლში იმ პერიოდში. არ მინდა, რომ ხალხს ვეცოდებოდე.“ ერთ-ერთ ინტერვიუში, მან მცირე კომენტარი გააკეთა: „ამ პერიოდში, უბრალოდ უნდა გადავრჩენილიყავი. უნდა მებრძოლა და გზას არ ავცელილიყავი.“ მას ოჯახში ფიზიკურ შეურაცხყოფებზე ჰკითხეს, მაგრამ მემფისმა თქვა, რომ ამაზე საუბარი არ შეეძლო.
მალე, მისი დედის ახალმა „ბოიფრენდმა“ ლატარიაში დიდი თანხა მოიგო და ოჯახი მანაც მიატოვა. მას შემდეგ, მემფისი დედასთან ერთად მარტო ცხოვრობდა, დიდი ფინანსური პრობლემებით. ბიოლოგიურ მამას მის აღზრდაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.
მემფისი თავის ბაბუას (დედის მხრიდნა) აღმერთებდა, მაგრამ 15 წლის ასაკში ისიც დაკარგა - გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში მან კლუბ „სპარტას“ აკადემია დატოვა და „პსვში“ გადავიდა. კლუბში არ იცოდნენ, როგორ გამკლავებოდნენ მას. მემფისი ფიცხი, ყოველთვის გაბრაზებული და რთული პიროვნება იყო. მემფისი ავტორიტეტს ვერ იტანდა და ფიქრობდა, რომ არავინ სჭირდებოდა. რამდენჯერმე გადაურჩა აკადემიიდან გაგდებას. მწვრთნელები ყოველთვის მისი დიდი ტალანტის გამო იკავებდნენ თავს.
მემფისი ფიქრობს, რომ ფეხბურთმა მას ბევრი ცუდი რამ აარიდა თავიდან: „ვფიქრობ, სწორედ ამან ამარიდა ქუჩის ცხოვრებას. ქუჩაში ისეთ რაღაცეებს მაინც ვაკეთებდი, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ამას ვაღიარებ და ძალიან ვწუხვარ. ერთ დღესაც გავიაზრე, რომ თუ დამიჭერდნენ, ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებდი და სწორედ ეს დამეხმარა“
მან აკადემიდან პირველ გუნდში გადაინაცვლა, სეზონში 12 გოლი გაიტანა, ლუი ვან გაალიც ნდობა მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ერთ-ერთ მატჩში, ავსტრალიის ნაკრებთან შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. ვან გაალმა შეხვედრის შემდეგ შემდეგი სიტყვები თქვა: „მემფისი, შესანიშნავია“.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჰოლანდიის ერედივიზიაში მან 22 გოლი გაიტანა. მამამ შვილთან ურთიერთობის აღდგენა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ის „იუნაიტედში“ გადაბარგდა და ლეგენდარული ნომერი მოირგო. დღეს მემფისი მარტოსული აღარაა, ის მეგობრებთან ერთად ატარებს დროს, ურთიერთობა აქვს განელ ნახევარძმასთან. მამა დიდი ხანია აცხადებს, რომ მომხდარის გამო ძალიან სწუხს და ურთიერთბის აღდგენა უნდა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე მისი დებიუტის შემდეგ, BBC-ის წამყვანებმა განაცხადეს: „ჩვენ გვთხოვეს, რომ ამ ახალ ბიჭს მხოლოდ მემფისი დავუძახოთ“.
მოიწონეთ გვერდი:
Memphis Depay Georgiaწყარო:
https://sports.yahoo.com/