როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთა უმეტესობა თავიანთი ეროვნული ნაკრებების ღირსებას რეგულარულად იცავს. სანაკრებო პაუზა ზოგისთვის წარმატებული, ზოგისთვის კი იმედგაცრუებით სავსე აღმოჩნდა.
მარუან ფელაინი კვლავ კარგ ფორმაშია, მან ბოსნია-ჰერცოგოვინის კარში გოლის გატანა მოახერხა და დაეხმარა თავის გუნდს, 0-1-ის შემდეგ თამაში შემოეტრიალებინა და 3-1 ემარჯვა.
მატეო დარმიანმა 90 წუთი ითამაშა იტალიასა და მალტას შორის გამართულ მატჩში, რომელიც 1-0 დასრულდა "სკუადრა აძურას" სასარგებლოდ, მატეო კი მატჩის საუკეთესოდ დასახელდა. განსხვავებული ბედი ეწიათ მემფის დეპაისა და დეილი ბლინდს, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე ისლანდიასთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. პირველ ტაიმში ბრუნო მარტინს ინდი გააძევეს, ხოლო 51-ე წუთზე სიგურდსონმა ზუსტად გამოიყენა თერთმეტმეტრიანი დარტყმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე.
ჯეიმს უილსონმა გოლით გამოიჩინა თავი ინგლისისა და ამერიკის 21 წლამდეთა ნაკრებების შეხვედრის დროს, ის მეორე ტაიმში გამოვიდა ცვლილებაზე და 11 წუთის შემდეგ შეძლო ინგლისელთათვის გამარჯვების მომტანი გოლის გატანა.
ახალგაზრდა რო-შონ ვილიამსმა კარგად იასპარეზა ინგლისის 18 წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო მატჩში, მან ჰოლანდიელ თანატოლებთან კარი მშრალად შეინახა და შედეგად ინგლისმა 2-0 იმარჯვა. ტიმ ფოსუ-მენსამ ჰოლანდიის 19 წლამდელთა ნაკრების რიგებში ითამაშა იტალიის წინააღმდეგ, ეს მატჩი 0-0 დასრულდა.