"მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის მცველი, ტაილერ ბლეკეტი ერთი კვირის წინ არენდის წესით გადავიდა გლაზგოს "სელტიკში" და იმედოვნებს, რომ შოტლანდიაში გატარებული წელიწადი მშობლიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაში დაეხმარება.
"ვან გაალმა მითხრა, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. იქ საჭირო გამოცდილებასა და სათამაშო დროს მივიღებ, რომლის ნაკლებობასაც "იუნაიტედში" განვიცდი" - ციტირებს ბლეკეტის სიტყვებს Manchester Evening News - "არენდა ჩემი განვითარებისთვის სასარგებლო იქნება, "სელტიკში" დიდი კონკურენციაა და ეს დიდი პლიუსია პროგერსისთვის."
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი მშობლიური კლუბია, თუმცა ახლა მე კონცენტრირებული ვარ "სელტიკში" სამუშაოს შესრულებაზე. მსურს, ყოველ კვირა ვითამაშო და იმედია, ამას მივაღწევ."
"იუნაიტედი" დიდი კლუბია და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებისთვის რთულია იქ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, თუმცა იმედი მაქვს, ეს არენდა დამეხმარება, რომ მშობლიური კლუბის ძირითადში ადგილი დავიმკვიდრო."
"ჩემს ახალ მწვრთნელს საუბრისას ვუთხარი, რომ მსურს, მუდამ ძირითად შემადგენლობაში ვიყო და ამისთვის ვიბრძოლებ. აქ გადმოსვლას წინ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევ, იმედი მაქვს, ახალ კლუბში წარმატებას მივაღწევ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს."