როგორც ბრიტანული პრესა ირწმუნება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ხავიერ ერნანდესს განუცხადა, რომ მას შეუძლია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ოლდ ტრაფორდი" დატოვოს. ჩიჩარიტოს უმოკლეს დროში მოუწევს შეთავაზებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. "ლევერკუზენმა" უკვე გამოხატა ინტერესი მექსიკელი ფეხბურთელის მიმართ და შეთავაზების გასაკეთებლად მზადაა.
ერნანდესმა გასული სეზონი "რეალში" არენდის წესით ითამაშა, თუმცა მადრიდელებმა მექსიკელის დატოვებაზე უარი განაცხადეს. ინგლისში დაბრუნებულ მოთამაშეს არ გაუმართლა. ლუი ვან გაალი მზადაა თავდასხმის ხაზში რუნის და ფელაინს დაეყრდნოს. ხავიერს რამდენიმე შანსი მიეცა, მათგან უკანასკნელი "ბრიუგესთან" მატჩში, სადაც პენალტი და რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ დღეზე ნაკლები რჩება. ჩიჩარიტოს ღირებულება კი 10 მილიონ ფუნტამდე მერყეობს.