25-08-2015, 13:37
ნანახია: 2389,
კომენტარები: 8
ბასტიან შვაინშტაიგერის ინტერვიუ
ოუენ ჰარგრიუსმა გუნდის ახალწვეულთან ინტერვიუ ჩაწერა.
ესეც ასე, ოუენ, ეს არის ჩემი გასახდელი ოთახი.
დიახ, ის ჩემი ნამდვილად აღარ არის, უკვე შენია.
როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობის შემდეგ?
განსაკუთრებული გრძნობაა. "იუნაიტედში" გადმოსვლამდე ორჯერ მქონდა საშუალება, "მიუხენის ბაიერნთან" ერთად მეთამაშა "ოლდ ტრაფორდზე". ბოლო მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, მე იმ შეხვედრაში გოლი გავიტანე, თუმცა ორი ყვითელი ბარათის გამო გამაძევეს კიდეც. ვარდნის გამო... მასთან... (უეინ რუნის მაისურზე ანიშნებს და იცინის), არ ვიცი, ვფიქრობ, ბურთზე ვითამაშე! კარგი, ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. თავიდან არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდა "ტრაფორდი", თუმცა უკეთესს ვერც ვინატრებდი- ფანები ძალიან თბილად შემხვდნენ, ოვაციებით.
ლუი ვან გაალი - შენი აქ გადმოსვლის მთავარი მიზეზი?
ვფიქრობდი, თუკი "ბაიერნს" დავტოვებდი, მსურდა ისეთ კლუბში გადავსულიყავი, რომელიც მას ჰგავდა და მისი დონის იყო - ტრადიციებით, ფილოსოფიით. პლუს, აქ ვან გაალი მუშაობს, ორივე ხსენებულმა ფაქტორმა განაპირობა ჩემი "იუნაიტედში" გადმოსვლა.
აპირებ გუნდში გერმანული შტრიხების შემოტანას? როგორც გავიგე, აპირებ ბიჭები ოქტომბერფესტზე დაპატიჟო...
ზუსტად! (იცინის)
და ლუი თანახმა იქნება?
არ მგონია (ორივე იცინის), თუმცა მე ვცდი. თუკი კარგი შედეგები გვექნება, ვფიქრობ, შანსი მაქვს.
ბევრი ხმა დადის შენს ცუდ ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით. ხომ არ ფიქრობ, რომ გადამეტებულია?
გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მარცხენა მუხლზე პრობლემები მქონდა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ, მე ფორმა დავიბრუნე და მას შემდეგ ტრავმა აღარ მიმიღია. ვფიქრობ, ასეც გაგრძელდება, მე მომართული ვარ, რომ გავიტანო გოლები და მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი გავხდე.
რა მოლოდინი გაქვს ამ სეზონისგან?
ჯერ ადრეა საუბარი, იმაზე, რომ "ჩვენ მოვიგებთ პრემიერ ლიგას", თუმცა მე ყოველთვის მსურდა და მსურს გამარჯვება. "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის ტიტულისთვის უნდა იბრძოდეს და არა- მეექვსე-მეშვიდე ადგილისთვის.
როდესაც მე აქ გადმოვედი, მე მიწევდა თამაში და ტიტულების მოგება. ჩვენ გვყავდა გუნდი, რომელსაც შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება და სწორედ ამიტომ ავირჩიე "იუნაიტედი". იმ დროისთვის "ბაიერნს" არ ჰყავდა ასეთი ძლიერი გუნდი....
დიახ, დიახ ვიცი...
ამიტომ, მე ავირჩიე გუნდი, რომელიც გამარჯვებებზე იყო მომართული...
მაგრამ ჩემთან ერთად, ოუენ, შენ ყოველთვის გექნება საშუალება და შანსი! უბრალოდ დამშვიდდი! (იცინის)
კარგი, ოუენ, მადლობა, როგორც ყოველთვის ვაგვიანებ შენ გამო (იცინის), სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, მეჩქარება, უნდა გავიქცე! ნახვამდის!
კიდევ შევხვდებით.