ჯერ კიდევ აგვისტოა, თუმცა ინტენსივობა და დატვირთვა ამ ეტაპზეც არ გვაკლია, ამიტომ არ არის დრო გლოვის ან ზეიმის. როგორც იცით, გასულ უქმეებზე ჩვენი მთავარი ამოცანა მოგებათა სერიის გაგრძელება და "ნიუკასლის" დამარცხება იყო, თუმცა ეს ვერ შევძელით. წინა სამშაბათს არაჩვეულებრივი თამაში ვაჩვენეთ "ბრიუგეს" წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელად გავუშვით ბურთი მატჩის სტარტზე. გუნდმა მებრძოლი სული აჩვენა და განმეორებითი მატჩის წინ კარგი ჰანდიკაპიც შეიქმნა, თუმცა ჯერ დასრულებული არაფერია, კიდევ ბევრი შრომა და ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს ოთხშაბათს, ბელგიაში. ძალიან გვსურს, კარგი შედეგი ვაჩვენოთ და ჩემპიონთა ლიგა დავაბრუნოთ "ოლდ ტრაფორდზე".
როგორც უკვე აღვნიშნე, პრემიერ ლიგის მესამე ტურში 3 ქულის აღება ვერ მოვახერხეთ, რადგან შაბათს გამართული შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, რამაც ცუდი განწყობა შემოგვაპარა. პირადად მე ვფიქრობ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ და საკმარისი მომენტებიც შევქმენით მინიმუმ 1 გოლის გასატანად.
პირადად მე, თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ბედნიერი ვიყავი, რადგან კარგი შეხვედრა ჩავატარე, თუმცა სახლში მაინც ცუდ ხასიათზე დავბრუნდი, რადგან მოგება ვერ მოვახერხეთ, იგივე სიტუაციაში იყვნენ ჩემი თანაგუნდელებიც. ჩვენ უნდა შევძლოთ ასეთ მატჩებში გამარჯვება, თუკი გვსურს გავაუმჯობესოთ გასულ სეზონში მიღწეული შედეგი. კარგი ამბებიც გვაქვს, პრემიერ ლიგაში ჯერაც არ გაგვიშვია გოლი და დაცვა მოწოდების სიმაღლეზეა. 9 შესაძლოდან, მოპოვებული 7 ქულა კი სულაც არ არის ცუდი შედეგი. მთავარია პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ და შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ, როგორც უკვე აღვნიშნე, ბელგიაში ძალიან რთული მატჩი გველის.
ესპანეთის ლა ლიგაც ხურდება, პირველი მატჩები ჩაატარეს "რეალმა" და "ბარსელონამ", თუმცა არცერთ მათგანს არ ჰქონდა ადვილი გასეირნება. კატალონიელებმა მხოლოდ მინიმალური სხვაობით დაამარცხეს გასვლაზე "ბილბაო", ხოლო სამეფო კლუბი ნულოვანი ფრით გაეყარა "სპორტინგს".
ახლა დროა დაგემშვიდობოთ... კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მომავალ ორშაბათს კარგი ამბებით გაგახარებთ.
ბედნიერ კვირას გისურვებთ.
ყველას გეხვევით!
ხუანი
მატას ბლოგი
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.