''წითელი ეშმაკებისთვის'' პრემიერ ლიგის ახალი სეზონის სტარტი ქულების მხრივ კარგი გამოდგა. მათ 2 მატჩი ჩაატარეს - სახლში და გასვლაზე და ორივე მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხეს და ამასთან ერთად, 3-3 ქულის აღებაც. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩიც გამართა ბელგიურ ''ბრიუგესთან'' და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე.
''იუნაიტედის'' ერთ-ერთი ახალწვეული, მორგან შნეიდერლინი კი გამოტყდა, რომ ის სეზონის დასაწყისში ჯერჯერობით არ არის საკუთარი თამაშით კმაყოფილი და ეცდება, უმოკლეს ვადაში ჩადგეს ფორმაში.
,,როდესაც გეძლევა შესაძლებლობა, ითამაშო ''მანჩესტერ იუნაიტედში'' - ეს პრივილეგიაა. ვგრძნობ, რომ მალე აღვიდგენ ძალებს. ჯერჯერობით კი ვერ ვიქნები ჩემი თამაშით კმაყოფილი, რადგან ვიცი, სინამდვილეში რა შემიძლია. მე არ უნდა დავკარგო ბურთი და ვიმუშავებ ამაზე. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მატჩებში მე მოვუმატებ ამ კომპონენტში.''
''ჩვენ პრემიერ ლიგაში კარგი სტარტი გვქონდა, ექვსი შესაძლო ქულიდან ექვსივე ავიღეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. ტიტულებს მოიპოვებენ ის გუნდები, რომლებიც მაქსიმალურ ქულათა რაოდენობას მოაგროვებენ, ამიტომ აუცილებელია, მოვიპოვოთ ისინი.''
''მე ენითაღუწერელი გრძნობა დამეუფლა, როცა ჩემი პირველი მატჩი ჩავატარე ''ოლდ ტრაფორდზე“. მე მინდა, რაც შეიძლება ხშირად ვითამაშო ამ სტადიონზე და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა.''