ლუი ვან გაალმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი დაიცვა. სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში "წითლებმა" ადვილად მოახერხეს დეპაის, დარმიანის, შვაინშტაიგერისა და შნეიდერლინის გაფორმება, თუმცა პედროსა და ოტამენდის დაკარგვის შემდეგ ედის საქმიანობა კრიტიკის ქვეშ მოექცა.
"მეჩვენება, რომ თქვენ გსურთ ჩემი და ედ ვუდვორდის გაყოფა." - განაცხადა "იუნაიტედის" მენეჯერმა. "ამის გაკეთება საჭირო არ არის. მე მასთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და მთლიანად ვენდობი."
"არ მგონია, რომ ედის საქმინაობა რაიმე ეჭვს უნდა იწვევდეს. უკვე რამდენიმე წელია ის ამტკიცებს, რომ სწორი კაცია ამ საქმიანობისთვის."
"მანე? არ შემიძლია ამ კითხვებზე პასუხი გაგცეთ, რადგან თუ ამას ვიზამ, პროცესს ხელს შევუშლი, ამის გაკეთება კი არ მსურს. ედ ვუდვორდი აკეთებს საქმეს და ამას ძალიან კარგად ახერხებს. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ პროცესია და ამ პროცესის დროს სხვადასხვა გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ვფიქრობ, რომ თუ პედროს ყიდვა დაგვჭირდებოდა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, რადგან მის კონტრაქტში კონკრეტული გამოსასყიდი თანხა იყო მითითებული. ეს, ალბათ, ყველაზე ადვილი ტრანსფერი იქნებოდა, რომელიც შეიძლება წარმოიდგინოთ."
"თქვენ, ჟურნალისტებს, შეგიძლიათ წეროთ ის,, რაც მოგაფიქრდებათ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, ვთქვათ ყველაფერი, რაც გვსურს. განსხვავება ამაშია. მე პასუხისმგებლობა მაქვს და ვალდებული ვარ , დავიცვა ჩემი გუნდი და ფეხბურთელები, ამიტომ საჭიროზე მეტის თქმა არ შემიძლია."
"როდესაც თქვენ მეკითხებით 'მოგწონთ პედროს თვისებები?', მე არ შემიძლია მოგატყუოთ და ამიტომ გპასუხობთ 'დიახ'. თუმცა არასდროს მითქვამს, რომ ამ ფეხბურთელით დაინტერესებული ვიყავი."
"ტრანსფერები? მოვიცადოთ და ვნახავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ. მე გუნდში 28 ფეხბურთელი მყავს და პედროს გარეშეც გავართმევთ თავს."