მიუხედავად სეზონის უგოლო სტარტისა, უეინ რუნი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ გოლების გატანას ის ძალიან მალე გააგრძელებს. "იუნაიტედმა" უკვე სამი მატჩი ჩაატარა - "ტოტენჰემის", "ასტონ ვილასა" და "ბრიუგეს" წინააღმდეგ, ინგლისის ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე კი ჯერჯერობით არცერთი გატანილი გოლი და ასისტია.
"გულწრფელად გეტყვით, "ასტონ ვილასთან" მატჩი ერთ-ერთია, რომლის გახსენებაც არ მინდა, რადგან ჩემი სათამაშო სტანდარტებისგან ძალიან შორს ვიყავი. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, მოთამაშეს ბევრჯერ უხდება ასეთი უიღბლო შეხვედრების ჩატარება.
ჯერ მხოლოდ სამი მატჩი ვითამაშეთ, ეს სეზონის დასაწყისია. უკვე ბევრი მაკრიტიკებს, მაგრამ გოლების გატანას დავიწყებ, ამაში დარწმუნებული ვარ. გააზრებული მაქვს, რომ გუნდის ის მოთამაშე ვარ, რომელიც თავდასხმის ხაზის ლიდერი უნდა იყოს და ბურთების გატანას ეცადოს. "ნიუკასლთან" თამაში ყოველთვის მსიამოვნებდა და იმედი მაქვს, შაბათის მატჩში ჩემს საგოლე ანგარიშს გავხსნი. კარიერაში ბევრჯერ მქონია ასეთი პერიოდი და დარწმუნებული ვარ, ახლაც გავუმკლავდები."
"იუნაიტედი" მომდევნო მატჩს საკუთარ სტადიონზე, "ნიუკასლთან" გამართავს. ვან პერსისა და ფალკაოს წასვლის შემდეგ, უეინს თავდასხმის ხაზში ორი შემცვლელი ჰყავს - ჯეიმს უილსონი და ხავიერ ერნანდესი.