აი, კიდევ ერთი სეზონით ვარ აქ და ისევ ძველებურად ვეცდები, ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. ვეცდები, მოგიყვეთ, რა ფიქრები ტრიალებს ჩემს თავში პირველი ტურის შემდეგ, ვუპასუხებ თქვენს კითხვებს და გესაუბრებით, ჩემი აზრით, საინტერესო თემებზე.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა ჩემი ბლოგის შესახებ და ეს ძალიან მახარებს. ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო და ეს მხოლოდ ჩვეულებრივი რამ იყო, ახლა კი ყოველკვირეულად თქვენ გვერდით ვარ და მომხმარებელთა რიცხვიც დღითიდღე იზრდება. პირველი დღიდან მოყოლებული ბევრი კარგი და ცუდი ამბავი გადამხდენია, თუმცა იმედი მაქვს, ეს სეზონი მხოლოდ დადებითი ისტორიებით იქნება სავსე.
სეზონის სტარტი კარგი გამოგვივიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წინასასეზონო ტურნე, რომელიც ამჯერადაც შტატებში გაიმართა, ფანტასტიკური იყო, როგორც ორგანიზების, ისე გულშემატკივრის მხარდაჭერის კუთხით, თუმცა ეს სიახლე არ ყოფილა ჩემთვის. შაბათს პრემიერ ლიგის პირველი მატჩი ჩავატარეთ, საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან. შარშანდელი გამოცდილებიდან ვიცოდით, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავით მატჩზე და შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ალბათ, შეამჩნევდით, რომ თამაშის ხარისხი იდეალურისგან ძალიან შორს იყო, თუმცა ეს გასაგებია, რადგან მხოლოდ პირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ, მოთამაშეებს მატჩის რიტმი გვაკლია, რაც დროის ფაქტორია. პირველი ტური ყველასთვის ძალიან რთულია, ამას ისიც დაემატა, რომ საკმაოდ ძლიერმა მეტოქემ პრესინგის თამაში გადაწყვიტა, თუმცა ამის მიუხედავად, პირველივე ნახევარში მოვახერხეთ გოლის გატანა, რაც საკმარისი იყო სამი ქულისთვის. "ოლდ ტრაფორდმა" ბევრი ახალი სახე იხილა და მინდა ვთქვა, რომ ყველა მათგანმა ძალიან კარგად ითამაშა. ძალიან სასიხარულოა იმის ნახვა, თუ როგორ ადვილად შეეწყვნენ ისინი ახალ გუნდს და როგორი თბილი დახვედრა მიიღეს გულშემატკივრისგან.
როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი იყო გამარჯვება. ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ გასულ სეზონში ცუდი სტარტი გვქონდა, უქმეებმა დაგვანახა, თუ რამდენად რთულია დადებითი შედეგის მიღწევა საწყის ეტაპზე.
დღეიდან ჩვენ მხოლოდ შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გვექნება. მათ სეზონი კარგად დაიწყეს, დაამარცხეს რა, ახალწვეული "ბორნემუთი" გასვლაზე. ამის შემდეგ ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო მატჩი გველის: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა, "ბრიუგეს" წინააღმდეგ, თუმცა სჯობს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. ახლა მხოლოდ პრემიერ ლიგაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და ვეცადოთ, ჩვენი მონაგარი კიდევ 3 ქულით გავამდიდროთ.
დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი თქვენთან ლაპარაკს და ზაფხულის ამბების მოყოლას, თუმცა არ მინდა, თავი მოგაბეზროთ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, თქვენ მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობდი. იმედი მაქვს, ერთად ძალიან კარგი სეზონი გვექნება და ბევრ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას ვიზეიმებთ.
ბედნიერ კვირას გისურვებთ.
ყველას ძალიან გეხვევით!
გკოცნით!
p.s. რას ფიქრობთ ახალი ფორმის შესახებ? მე ძალიან მომწონს რეტრო სტილი!
მატას ბლოგი
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.