10 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს "იუნაიტედის" ყოფილმა კორეელმა ნახევარმცველმა, ჯი-სუნგ პარკმა "ოლდ ტრაფორდზე" სადებიუტო მატჩი უნგრული "დებრეცენის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარა. დღეს გუნდის ელჩმა "ოცნების თეატრში" მისი პირველი შეხვედრა გაიხსენა.
პირველად როდის გაიგეთ, რომ მონაწილეობას მიიღებდით?
ალბათ, თქვენ ეს იცით. მატჩამდე ერთი დღით ადრე სერ ალექსი სასტარტო შემადგენლობის შესახებ არასდროს არაფერს გვეუბნებოდა. ის შემადგენლობას მატჩის დღეს, დილით გვაცნობდა. მე სათადარიგოთა სკამზე მყოფ ფეხბურთელთა შორის დამასახელა და ვიფიქრე, რომ შანსს აუცილებლად მივიღებდი. როდესაც მწვრთნელმა ყოველივე ეს ძალიან თბილად მითხრა, სულაც არ ვნერვიულობდი. როი კინის შეცვლის შემდეგ, ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ და საკმაოდ უსაფრთხო იყო, ასე რომ ჩემ მიმართ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ვფიქრობ, სულ რაღაც ერთი ან ორი შეცდომა დავუშვი.
შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ემოციები, როდესაც "ოლდ ტრაფორდზე" ასეთ ატმოსფეროში სკამზე იჯექით?
"დებრეცენი" არცთუ ისე ძლიერი მეტოქე იყო. შესაძლოა, სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ მე სრულად არ ვღელავდი. "პსვ"-ში ყოფნისას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება მქონდა. უნგრელები საკვალიფიკაციო ეტაპზე იყვნენ და სეზონის პირველ მატჩს ატარებდნენ. სტადიონი სავსე არ ყოფილა, თუმცა ჩემთვის ეს მაინც სხვა გამოცდილება იყო. აქ ყველაფერი ახალი იყო და ვიგრძენი, რომ საწყისს ხაზზე ვიყავი.
გახსოვთ ვინ თამაშობდა იმ ღამით "იუნაიტედის" შემადგენლობაში?
მე მახსოვს გარი ნევილი, ვან დერ საარი, რუნი, ფერდინანდი და სილვესტრი, თუ არ ვცდები სქოულზიც.
მატჩამდე ერთი დღით ადრე როგორ ემზადებოდით?
სიმართლე გითხრათ განსხვავებულად არ ვვარჯიშობდი. ვიცოდი, რომ შესაძლოა ამ მატჩში მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. როდესაც გავიგე, რომ სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, სახლში დასარეკად დრო არ მქონდა. მე მხოლოდ ფოკუსირებას ვცდილობდი და მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველოდი. ჩემი პრიორიტეტი გუნდში მოხვედრა და ადაპტირება იყო.
მატჩის შემდეგ რა გითხრათ სერ ალექსმა?
ზუსტად არ მახსოვს, თუმცა შემიძლია გავიხსენო, თუ რა მითხრა პრემიერ ლიგის სადებიუტო მატჩის შემდეგ ბოსმა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება პრემიერ ლიგაში" და მე ვიფიქრე: "დიახ, ეს მხოლოდ დასაწყისია".
მატჩამდე მოედნის გვირაბში ყოფნა თუ გახსოვთ?
პირველად გვირაბში მაშინ გავიარე, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" ხელი მოვაწერე. პრეს-კონფერენციის შემდეგ ცარიელ სტადიონზე გავედი და ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენი "ოლდ ტრაფორდის" მნიშვნელობა. თუმცა რადგან "დებრეცენთან" მატჩის დროს სკამზე ვიჯექი, ტუნელით ქვემოთ არ ჩავსულვარ. თუმცა ეს 11 დღის შემდეგ "ასტონ ვილასთან" მატჩის დროს მოხდა. მე საშუალება მომეცა მომესმინა, თუ როგორ მღეროდა გულშემატკივარი. ეს ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული იყო.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.