რაფაელ და სილვას 8-წლიანი მოღვაწეობა "მანჩესტერ იუნაიტედში" დასრულდა, "ლიონმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიელი კარიერას ფრანგულ კლუბში გააგრძელებს. რაფაელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და სულ მალე 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2008 წლიდან ასპარეზობდა. ამ ხნის განმავლობაში მან "იუნაიტედის" რიგებში 168 მატჩის ჩატარება და 8 ტიტულის მოპოვება შეძლო.
რაფაელ და სილვა "ლიონში" გადასვლის წინ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
"მე მინდა მადლობა ვუთხრა ''იუნაიტედის'' თითოეულ გულშემატკივარს ამ 8-წლიანი სიყვარულისთვის. ''იუნაიტედში" მოსვლის წუთიდან დაუჯერებელი მომენტები განვიცადე, რამდენადაც 8 წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის მაისურს ვატარებდი"
''მადლობა, ''მანჩესტერ იუნაიტედ''.
''ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველთვის დიდ სიყვარულს იჩენდნენ ჩემდამი და უზარმაზარ ყურადღებას მაქცევდნენ. მადლობა დიდ ბრიტანეთს, მე ბევრი რამ ვისწავლე აქ ყოფნისას, როგორც მოთამაშემ და როგორც ადამიანმა. ეს გაკვეთილები სამუდამოდ დარჩება ჩემს ცხოვრებაში. მადლობა სერ ალექს ფერგიუსონს, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი და დიდი ფეხბურთისკენ მიმავალი გზა გამიხსნა. ახლა ახალი გზა, ახალი გამოწვევა მელის წინ" - წერს რაფაელი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე.