"იუნაიტედის" ბოსმა შვაინშტაიგერზე ისაუბრა.
ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგის 8 ტიტული და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გერმანიის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, დღეს უკვე, ყველასგან მოულოდნელად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. The Star–ი გადმოგვცემს, რომ გერმანელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ნახევარმცველია პრემიერ ლიგაში. მისი შემოსავალი კვირაში £275,000 შეადგენს.
იმის გათვალისწინებით, რომ შვაინშტაიგერი ბავარიაშია გაზრდილი, ბევრი ვარაუდობდა, რომ იგი კარიერას "ბაიერნში" დაასრულებდა, რაც არ გამართლდა.
"იუნაიტედის" ბოსმა, ლუის ვან გაალმა, ბასტიანის შესახებ ისაუბრა და მისი "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლის მიზეზიც გაამხილა. მისი თქმით, ფეხბურთელმა კარგად დაინახა თამაშის ტემპში განსხვავება პრემიერ ლიგასა და ბუნდესლიგას შორის, რის შემდეგაც ახალ ლიგაში თავის გამოჩენის სურვილი გაუჩნდა.
"დიახ, ბასტიანი მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თუმცა პრემიერ ლიგა და ბუნდესლიგა ერთმანეთისგან განსხვავებული ჩემპიონატია. აქ გერმანიასთან შედარებით რითმი და ბურთზე ზეწოლა მაღალია. მან ამ ყველაფერში გამოწვევა დაინახა, აი რატომაა იგი ჩვენთან."გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან 8 აგვისტოს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, სადაც, სავარაუდოდ, შვაინშტაიგერის დებიუტი შედგება პრემიერ ლიგაში.
squawka.com