შვედეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ფრანგული "პსჟ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანხელ დი მარიას პარიზში გადაბარგებას მიესალმება. კარგი სტარტის მიუხედავად, ანხელ დი მარიას გაუჭირდა "ოლდ ტრაფორდზე" ფეხის მოკიდება და ჩვეული ფეხბურთის ჩვენება, ამისდა მიუხედავად, ზლატანს მიაჩნია, რომ არგენტინელი საფრანგეთის ჩემპიონებს საგრძნობლად გააძლიერებს.
"არ ვიცი , დასრულებულია თუ არა ტრანსფერი, მაგრამ თუ შანსი გაქვს, ისეთ ფეხბურთელთან ერთად ითამაშო, როგორიც ანხელია ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო ფაქტია, მას ყველაფერი აქვს მოგებული. ანხელი ფანტასტიური, გუნდზე ორიენტირებული ფეხბურთელია" - განაცხადა ზლატანმა "Irish times"-თან ინტერვიუში.
"ის სიჩქარესა და თამაშის ხარისხს შეჰმატებს გუნდს. ანხელი საუცხოოდ გააძლიერებს ჩვენს გუნდს და, რა თქმა უნდა, მას ხელგაშლილები შევხვდებით"
იბრაჰიმოვიჩმა ასევე ხაზი გაუსვა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობის მიზანდასახულობას, რადგან მადრიდის "რეალის" მსგავსად, ისინიც ყოველ წელს ახალ სუპერვარსკვლავს ყიდულობენ.
"ეს აჩვენებს ,თუ რამდენად მიზანდასახულები არიან ხელმძღვანელები. ისინი ყოველ წელს დიდ თანხას ხარჯავენ საუკეთესო ფეხბურთელების შესაძენად, რომლებიც იდეალურად ერგებიან გუნდს. ისინი გამუდმებით ცდილობენ, ეს კლუბი უფრო დიდი გახდეს. თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, მადრიდის "რეალი" ძალიან ძლიერი გუნდია და ისინი ბეილის შეძენით უფრო გაძლიერდნენ, ჩვენც ანხელის დამატებით გაცილებით უკეთესნი გავხდებით".
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, განაცხადა, რომ იმედიანად უყურებს დი მარიას ტრანსფერს, სიტუაცია კიდევ უფრო გაურკვევლი გახდა, მას შემდეგ, რაც დი მარია დანიშნულ დღეს არ შეუერთდა შტატებში მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს".