ლუი ვან გაალმა ისაუბრა "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ გუნდმა აუცილებლად უნდა შეიძინოს სუპერვარსკვლავი, თუ შემდეგ სეზონში წარმატების მიღწევა უნდა.
"Sky Sports"-ის ჟურნალისტთან, ვინი ოკონერთან საუბრისას, ჰოლანდიელმა აღიარა, რომ სურს კარიერის დამთავრებამდე კიდევ რამდენიმე ტიტული მოიგოს და იმისათვის, რომ გუნდმა წარმატებას ევროპის მასშტაბითაც მიაღწიოს, საჭიროა ისეთი ფეხბურთელის ყოლა, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა.
"ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება მეტი სისწრაფე და კრეატიულობა შეტევაში, სწორედ ამიტომ მსურს, რომ დი მარია დარჩეს. თუმცა ჯერ ზუსტად არაფერი ვიცით."
"მიუნხენის "ბაიერნს" ჰყავს რიბერი და რობენი, "ჩელსის" ჰყავს აზარი და ვილიანი, "რეალ მადრიდს" - რონალდუ და ბეილი, "ბარსელონას" კი ნეიმარი და მესი."
"ეშლი იანგსა და ხუან მატას ფანტასტიური სეზონი ჰქონდათ, ისინი საგოლე გადაცემებთან ერთად გოლების გატანასაც ახერხებდნენ. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უფრო მეტი სისწრაფე გვჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდევ უნდა ვიყიდოთ სწრაფი და კრეატიული ფეხბურთელი."
ჟურნალისტმა ჰოლანდიელ სპეციალისტს რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზეც სთხოვა კომენტარი: "ამ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. როცა ფეხბურთელს ოფიციალურად გავიფორმებთ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია განცხადება გავაკეთოთ. თუმცა არა პროცესის დროს, ეს სტრატეგია არაა"
"ამის თქმა მართლა მსურს. მინდა გულშემატკივრებს გავაგებინო, მაგრამ არ შემიძლია. ეს არ იქნება ჭკვიანური. ვალდებული ვარ, კლუბის ინტერესები დავიცვა."
"ახლა რონალდუზე გამონაკლისს დავუშვებ. ის ფანტასტიური ფეხბურთელია და მან ეს კარგად იცის. ძალიან მომწონს იგი."