"მანჩესტერ იუნაიტედმა" მსოფლიო ჩემპიონატისა და კოპა აპერიკის ვერცხლისმედალოსანი მეკარე- სერხიო რომერო დაიმატა, რომელიც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. არგენტინელმა კიპერმა "ეშმაკებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გახანგრძლივების ოფციით.
რომეროსთვის, რომელიც 28 წლისაა, ვან გაალთან მუშაობა უცხო არაა. იგი 2008 წელს ჰოლანდიურ "აზ ალკმაარში" ჩაირიცხა, რომელსაც სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტი წვრთნიდა. მას შემდეგ მან "სამპდორიასა" და "მონაკოს" ღირსებები დაიცვა, ახლა კი ძალების მოსინჯვა პრემიერ ლიგაში გადაწყვიტა.
სერხიო რომერო: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა შანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გავხდე. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოხვედრა ოცნების ახდენას ჰგავს. ლუი ვან გაალი ფანტასტიური მწვრთნელია და მოუთმენლად ველი მასთან მუშაობის განახლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს კარიერაში."
ლუი ვან გაალი: "რომერო ნიჭიერი მეკარეა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც "ალკმაარში" ერთად მოგვიწია მუშაობა, მოხარული ვარ, რომ იგი კვლავ ჩემი ფეხბურთელია, ახლა უკვე "მანჩესტერ იუნაიტედში". მან საოცრად ჩაატარა ბრაზილიაში გამართული მუნდიალი და ჩემი მწუხარების ერთ-ერთი მიზეზიც კი გახდა(ჰოლანდიის ნაკრები, სწორედ არგენტინასთან დამარცხდა პენალტების სერიაში.). იგი კარგი დანამატია კლუბისთვის. "