"იუნაიტედის" თავკაცმა სამომავლო გეგმებზე, კარიერის დასრულებასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს, მართლაც საინტერესო და სოლიდური დოსიე აქვს, მას არაერთი ტიტული აქვს აღმართული 24-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, თუმცა როგორც თავად ამბობს, მიზანი მიღწეული ჯერაც არ არის.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უკვე მოიგო სამი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი, "აიაქსთან", "ბარსელონასთან", "ალკმაართან" და "ბაიერნთან" ერთად, ახლა კი "წითელი ეშმაკების" გაჩემპიონებას აპირებს:
"იმედი მაქვს, კარიერას გამარჯვებულის რანგში დავასრულებ, ეს ფანტასტიური იქნება, "მანჩესტერ იუნაიტედსაც" ხომ სწორედ ეს უნდა.
ჩემი პირადი მიზანია, 4 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი გავხდე. ჩემი აზრით, 4 საუკეთესო ქვეყნის, ფეხბურთის მხრივ. მე უკვე ვიყავი ნომერ პირველი: ჰოლანდიაში, ესპანეთსა და გერმანიაში, ახლა ინგლისის დროა."ჰოლანდიელს ჰკითხეს, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი იგი ვერ მოახერხებს "იუნაიტედში" ტიტულის მოგებას:
"ეს საცოდაობა იქნება! "მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად გამაგდებს კონტრაქტის ამოწურვამდე! " (იცინის)
"იმედი მაქვს, ასეთი რამ არ მოხდება.
მე უკვე ავიღე ორი შვებულება, მართალია ისინი არ ყოფილა დიდხნიანი, მაგრამ დრო მაინც მშვენივრად გავატარე. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ პერიოდში ჩემს ცოლთან დაძაბული და კატა-ძაღლური ურთიერთობა არ მქონია, პირიქით პორტუგალიაში ნამდვილი სამოთხე იყო. ამის გათვალისწინებით, შემიძლია მშვიდად წავიდე ფეხბურთიდან.
ფეხბურთიდან წასვლა მარტივი არ არის, არასდროს შეგიძლია თქვა "მე აუცილებლად წავალ". ჩემს ცოლს დავპირდი, რომ როდესაც 55 წელი შემისრულდებოდა ამ სპორტს თავს დავანებებდი, თუმცა 2 კვირაში 64-ე დაბადების დღე უნდა ავღნიშნო."ვან გაალს 2011 წლის შემდეგ კლუბში არ უმუშავია, იგი მშობლიური ნაკრებს თავკაცობდა და მასთან ერთად წარმატებასაც მიაღწია.
მისმა დამოძღვრილმა ნარინჯისფერმა არმიამ, შარშან გამართულ მუნდიალზე ყველასთვის მოულოდნელად ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს იყო. მიუხედავად წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობისა, ვან გაალის თქმით, მას ენატრებოდა საკლუბო ფეხბურთი:
"მიყვარს მოედანზე ყოფნა, კოლეგებთან საუბარი და ახალგაზრდებისთვის რჩევების მიცემა. ნაკრებში კი ასეთი რამ წელიწადში მხოლოდ 8-ჯერ ხდება, ამიტომ ჩემთვის იქ მუშაობა რთული იყო.
მხოლოდ წარმატებულმა დასასრულმა მაგრძნობინა, რომ ის 2 წელი, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად გავატარე, სასიამოვნო იყო. ასეთ შედეგს ჩვენგან არავინ ელოდა, სწორედ ამიტომ, ქვეყანა მადლიერი იყო. ჰოლანდიაში ძალიან იშვიათად რჩება ხალხი მადლიერი.
საკლუბო ფეხბურთი ძალიან მენატრებოდა, ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატამდე 6 თვით ადრე ვთქვი, რომ ისევ კლუბს დავუბრუნდებოდი და ეს კლუბი აუცილებლად პრემიერ ლიგიდან იქნებოდა. ამის შემდეგ ბევრი ინგლისური გუნდი დამიკავშირდა, თუმცა მე "იუნაიტედი" ავირჩიე, რადგან ვფიქრობ, მხოლოდ აქ შემიძლია ჩემი ოცნება ავიხდინო და მეოთხე, უძლიერესი ქვეყნის ჩემპიონი გავხდე. "M.E.N