ლუკ შოუმ და "მანჩესტერ იუნაიტედმა" სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, კატალონიის ბარსელონა დაამარცხა. მართალია, ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, თუმცა ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც საუკეთესოს ამარცხებ. ეს გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა ინგლისელი თინეიჯერისთვის, რომლის თქმითაც, მის გუნდს ჰქონდა კონკრეტული გეგმა მეტოქის დასამარცხებლად:
"თამაშისგან მართლაც სიამოვნება მივიღე."-ამბობს შოუ. "წინასასეზონო ტურნეს მთავარი დანიშნულებაა, ფეხბურთელებმა კარგი სათამაშო ფორმა აკრიფონ, თუმცა თუკი მატჩის შემდეგ გასახდელში შემოიხედავდით, დაინახავდით, რომ შედეგით ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, ყოველთვის რთულია ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ მესი, ნეიმარი და დანი ალვეში აკლდათ, მაინც ძალიან ძლიერი შემადგენლობით იყვნენ. ჩვენ მებრძოლი ხასიათი ვაჩვენეთ და საწადელსაც მივაღწიეთ.
ჩვენ ამ მატჩისთვის კონკრეტული გეგმა გვქონდა და ვფიქრობ, ზედმიწევნით კარგად შევასრულეთ დავალება. ყველა ნელ-ნელა უმატებს და სეზონის სტარტისთვის კარგ კონდიციებში ვიქნებით. არ გვიჭირდა ბურთის ამოტანა პრესინგის დროს და არც შეტევაში გადავდიოდით ცუდად. ბევრი მომენტი შევქმენით, რომელთაგან 3 გოლით დაგვირგვინდა.
არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც შეგიძლია თავი "ბარსელონას" წინააღმდეგ გამოსცადო. ასეთ მატჩებში ყველა მაქსიმალურად იხარჯება. იმედი მაქვს, ყველანი ჯანმრთელად ვიქნებით და პროგრესს გავაგრძელებთ, შემდეგი მატჩიც არანაკლებ საინტერესოა- ჩვენ "პსჟ" გველოდება."