ლორან ბლანმა განაცხადა, რომ "პსჟ" ძალიან ახლოსაა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ანხელ დი მარიას შეძენასთან.
არგენტინელი ვინგერი საფრანგეთი ჩემპიონების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს, რაც ფრანგმა სპეციალსიტმაც დაადასტურა, თუმცა ამასთანავე დაამატა, რომ ჯერ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.
ამ ტრანსფერის გარშემო სპეკულაციები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ანხელ დი მარია არ გაემგზავრა ამერიკაში გუნდთან შესაერთებლად.
"მისი გაფორმების კარგი შანსი გვაქვს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი არ მომხდარა." - განუცხადა ბლანმა ჟურნალისტებს. "ის ამერიკაში გამოემგზავრება, მაგრამ ჯერ უცნობია, აქ რომელი გუნდის მაისურს მოირგებს."
"თუ ის "იუნაიტედს" დატოვებს, იმედი მაქვს, რომ სწორედ "პსჟ"-ში გადმოვა. ახლა მხოლოდ მოცდა შეგვიძლია, რადგან მოლაპარაკებას ორი დიდი კლუბი აწარმოებს."
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს გუნდში კარგი შემტევი ფეხბურთელი დავიმატოთ, იქნება ეს დი მარია თუ სხვა ვინმე. ყველა მწვრთნელისთვის სასიამოვნოა მისნაირი ფეხბურთელის ყოლა გუნდში."
ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს ვან გაალსაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ არ ჩავიდა ვინგერი ამერიკაში.