გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მორიგი მატჩი გამართა და ამჯერად კატალონიის "ბარსელონა" დაამარცხა, ანგარიშით 3-1. "წითლების" რიგებში თავი უეინ რუნიმ, ჯესი ლინგარდმა და ადნან იანუზაიმ გამოიჩინეს. მატჩის დასრულების შემდეგ შეგირდების ასპარეზობა მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა:
"შემადგენლობის ბალანსი ყველაზე მნიშვნელოვანია. გასულ წელს ჩვენ იმჟამინდელი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის "რეალი" დავამარცხეთ, ახლა კი- "ბარსელონა". როგორც ჩანს, ჩვენ მზად ვართ ევრო ტურნირისთვის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო. მეტოქემ ძელს ბურთი 3-ჯერ მოარტყა, თუმცა ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და ეს მხოლოდ ძირითად შემადგენლობას არ ეხება- ახალგაზრდებმაც შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი. თითქმის ერთნაირი რაოდენობის შანსები გვქონდა და ეს ყველაზე მეტად მახარებს.
დე ხეას თამაში და განწყობა თქვენი თვალით ნახეთ, მან ძალიან კარგი 60 წუთი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო არ ვარჯიშობდა, კლასი მაინც აჩვენა. პირველი შანსი მეტოქეს ჰქონდა და როცა მათ ვერ მოახერხეს გატანა, ჩვენ მომენტალურად ვუპასუხეთ. ეს ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ და იმედი მაქვს, დე ხეა ჩვენთან დარჩება, თუმცა საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი ხდება და უნდა მოვიცადოთ.
რუნი და მემფისი ერთად კარგად მოქმედებენ. ვფიქრობ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუგონ და კარგი დუეტი შექმნან. დარწმუნებული ვარ, სეზონის მსვლელობისას მათი თამაშის ხარისხი უფრო გამოსწორდება, თუმცა ისინი გამუდმებით ემუქრებოდნენ კატალონიელთა კარს და ეს კარგია. მათ გარდა ძალიან სახიფათო იყო ადნან იანუზაიც, რომელმაც უკანასკნელი 30 წუთი დაჰყო მოედანზე, თავდამსხმელის პოზიციაზე.
ადნანმა კარგად ითამაშა, იგი თავისუფალ ზონებს ქმნიდა ნახევარმცველებისთვის და ასევე აწუხებდა მეტოქესაც. მან ლამაზი გოლი გაიტანა, მართალია მას ეს გაუჭირდებოდა პიკე რომ მოედანზე ყოფილიყო, მაგრამ მაინც მისასალმებელია ასეთი კარგი თამაში.
ახალგაზრდების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისინი საკმაოდ აგრესიულები იყვნენ და 2 გოლის გატანაც მოახერხეს. დიახ, მათ უმეტესად თავდაცვა უხდებოდათ და რიგ ეპიზოდებში არასწორ გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ, მაგრამ მათ ის დამანახეს, რასაც აქამდე ვითხოვდი. მათ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს და გოლებიც გაიტანეს, ამიტომ მიხარია."
"არ ვიცი, იქნება თუ არა იგი "ტოტენჰემთან" შეხვედრაში ძირითად თერთმეტეულში, მან თავი უნდა წარმოაჩინოს. ყველა მოთამაშე უნდა ეცადოს, კარგად ივარჯიშოს და თავი მომაწონოს. ვფიქრობ, მას "პსჟ"-სთან თამაში შეეძლება და ვნახოთ, როგორ ითამაშებს."
ლუის სამხრეთ ამერიკელების შესახებაც მოუწია კომენტარის გაკეთება:
"გავიგე, რომ დი მარია არ იყო თვითმფრინავში და არ ვიცი რატომ, იგი დღეს უნდა ჩამოსულიყო. როხოს პასპორტთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა, მაგრამ ანხელის შესახებ არაფერი ვიცი. ჩიჩარიტო უკვე კლუბთან ერთადაა."