"იუნაიტედის" ოთხივე შენაძენი (დეპაი, შნეიდერლინი, შვაინშტაიგერი და დარმაინი) პირველად წარდგა "წითლების" მაისურით მინდორზე. მათ შორის ერთ-ერთმა, შნეიდერლინმა, მეტოქის კარის დალაშქვრაც მოახერხა, მოედანზე გამოსვლიდან სულ რაღაც ხუთი წუთის შემდეგ.
გასაკვირი არც არის, რომ ბლინდიც აღფრთოვანებულია მათი თამაშით და გაკვირვებულია, როგორ მოახერხეს ასე სწრაფად გუნდთან შეწყობა. ჰოლანდიელი ასევე საუბრობს წინასასეზონო ტურნეზეც.
"კარგია, რომ თამაშები ისევ დაიწყო. მე ვფიქრობ, რომ გუნდურად ვითამაშეთ და ორივე ტაიმში ძალიან კომპაქტურები ვიყავით. ბედნიერი ვარ, რომ 45 წუთი მომეცა სათამაშოდ."
"მე პირველად ვარ ტურნეზე. მე აქ კიდევ ერთხელ დავინახე, როგორი დიდებულია "იუნაიტედი" ყველგან, ყველასთვის, ყოველთვის. აქ თქვენ უამრავ წითელ მაისურს მოკრავთ თვალს. აქამდეც ვიცოდი, როგორი საოცარი კლუბი იყო "მანჩესტერი", მაგრამ როცა ამდენი მაისური საკუთარი თვალით დავინახე, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ეს საოცარი გრძნობაა."
"დებიუტში გატანილი პირველი გოლი ძალიან დიდ მოტივაციას გაძლევს. თქვენ ალბათ ნახეთ როგორ ითამაშა შნეიდერლინმა, და არა მარტო მან, სხვა ახალწვეულებმაც. ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს კლუბში. ყველა ცდილობდა მათ დახმარებას - ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით და ვფიქრობ, რომ ახალწვეულები ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ. ვიმედოვნებ, რომ ისიამოვნეს ამ მატჩით."
ბლინდმა ჯონსთან ერთად ითამაშა ცენტრალურ მცველად. ამ პოზიციის დაკავება მას ბოლო რამდენიმე მატჩშიც მოუწია. თუმცა ჰოლანდიელს არ აქვს პრეტენზია და მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე თამაშისთვის, თუ ეს გუნდს დასჭირდება. გარდა ამისა, მას ძალიან მოსწონს ჯონსთან ერთად გუნდის დაცვა და, მისი თქმით, დიდ გამოცდილებას იძენს.
"ჩვენ ერთმანეთს ბევრს ველაპარაკებით მინდორზე, რაც ვფიქრობ, აუცილებელია, იმიტომ რომ მეტოქე მთელს მოედანზე მოძრაობდა. ჩემი აზრით, ამოცანას კარგად გავართვით თავი და ერთად ჭკვიანურად ვითამაშეთ. მე უბრალოდ ვეცადე, რომ ჩემი მაქსიმუმი გამომევლინა."
"ეს იყო ახალი პოზიცია და ახალი გამოცდილება ახალი სეზონისთვის, მაგრამ მე ამას უნდა შევეგუო და მსურს საკუთარი ძალის წარმოჩენა ამ პოზიციაზეც. ვფიქრობ, ჩემი თამაშით კმაყოფილი უნდა ვიყო."
"დიდებული თამაში გამოვიდა. "კლაბ ამერიკას" კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ წინასწარ მოვემზადეთ კარგი მატჩის ჩასატარებლად და ასეც მოხდა. როგორც უკვე განვაცხადე, ვითამაშეთ როგორც გუნდმა, ძალიან კომპაქტურად და მოწინააღმდეგეს თავისუფალი სივრცეები არ დავუტოვეთ. დაცვამაც კარგად გაუგო ნახევარდაცვას და საბოლოოდ მე ვფიქრობ, რომ გუნდური მატჩი ჩავატარეთ",-დაასრულა ჰოლანდიელმა.