მემფის დეპაიმ თავის პირველ თამაშს "მანჩესტერის" მაისურით "გიჟური გრძნობა" უწოდა. ჰოლანდიელი დიდი შთაბეჭდილებების ქვეშაა და ეს ემოციები მან "იუნაიტედის" ოფიციალურ საიტს გაუზიარა. მემფისმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდა "წითლების" კაპიტანი, უეინ რუნი, მთელი 45 წუთის განმავლობაში.
მემფის დეპაიმ, რომელმაც ტურნეზე 9 ნომრიანი მაისური მოირგო, უეინ რუნის უკან ითამაშა. თამაშის შემდეგ ინტერვიუში ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მისთვის ძალიან საამაყო იყო თამაში იმ გუნდში, რომელსაც უეინ რუნი კაპიტნობდა. მან ასევე ისაუბრა იმ ემოციებზე, რომელიც "მანჩესტერის" მაისურის ჩაცმისას განიცადა.
"უეინ რუნი მთელი ტაიმის განმავლობაში მასწავლიდა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა, როდის რომელი პოზიცია უნდა დამეკავებინა, როდის შემეტია და როდის დამეცვა. ჩვენ დუეტში უნდა ვითამაშოთ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია ისეთ ლეგენდასთან თამაში, როგორიც უეინ რუნია",-აცხადებს ჰოლანდიელი.
"მანჩესტერ იუნაიტედში" პირველი თამაში გიჟური და ყველაზე განსაკუთრებული გრძნობა იყო. მე უბედნიერესი ვარ. მართალია, მხოლოდ 45 წუთი ვითამაშე და თანაც წინასასეზონო ტურნეზე, მაგრამ ახლა ჩემი მიზანი ფორმის შენარჩუნებაა. ჩემთვის და თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგება და ჩვენ ეს შევძელით."
ჟურნალისტებმა ახალგაზრდა ჰოლანდიელს ჰკითხეს, თუ როგორი გრძნობა იყო "იუნაიტედის" მაისურის ჩაცმა, რაზეც მემფისმა ასეთი პასუხი განაცხადა:
"იმ მომენტში მე არაფერზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა ემოციებით ვარ დატვირთული. როდესაც შედიხარ გასახდელ ოთახში და "იუნაიტედის" მაისურს იცვამ, როდესაც დახედავ და ზუგრზე შენი სახელი აწერია... ეს ხომ საოცარი და განსაკუთრებული გრძნობაა!"
მემფისი "მანჩესტერში" რამდენიმე კვირის გადმოსულია. ამიტომ ჟურნალისტები იმითაც დაინტერესდნენ, რა განსხვავება დაინახა "იუნაიტედში" და რამ მოხიბლა ჰოლანდიელი ყველაზე მეტად:
"ალბათ, თამაშის სისწრაფე. მე ვხედავ და ვგრძნობ ამას ყოველი ვარჯიშისას. ეს განსხვავებულია და ძალიან მომწონს."
"მწრთვნელმა დებიუტი მომილოცა. ის ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი თამაშით. თუმცა ვან გაალი ჩემგან უფრო მეტს ელის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უფრო და უფრო მეტს ვიმუშავებ. რამდენიმე მომენტი შევქმენი და კარგი პასი გავაკეთე, მაგრამ ჩემი თავისგან გაცილებით მეტს ვითხოვ. მე გავაგრძელებ ბევრ მუშაობას და ბრძოლას ჩემი მიზნისთვის",-დაასრულა დეპაიმ.