"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, დაადასტურა, რომ ანხელ დი მარია, მარჯოს როხო და ხავიერ ერნანდესი კლუბს ამერიკაშივე შეუერთდებიან და ეს 25 ივლისს მოხდება, თუმცა ამასთან ესპანელი მეკარის, ვიქტორ ვალდესის, გაყიდვას არ გამორიცხავს.
დი მარიას, როხოს და ჩიჩარიტოს ტურნეს განაცხადში ვერ ამოიკითხავდით, რადგან მათ დამატებითი დრო მიეცათ დასასვენებლად. არგენტინულმა დუეტმა კოპა ამერიკაზე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო ერნანდესი ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრებში ეხმარებოდა, ამასთან ანხელმა და ხავიერმა მცირე ტრავმები მიიღეს.
ჩიჩარიტომ გასული სეზონი არენდის წესით მადრიდის "რეალში" გაატარა, ამის მიზეზი კი ლუი ვან გაალმა დაასახელა:
"გასულ წელს უნდა აგვერჩია, რომელი თავდამსხმელი დაგვეტოვებინა და რომელი გაგვეშვა. ჩვენ გვყავდა უელბეკი, ჩიჩარიტო, ვან პერსი და უილსონი. გადავწყვიტე, დენი და ჩიჩარიტო გამეშვა, ამასთან ჩვენ ფალკაოც გავიფორმეთ.
როდესაც შენ 1 ან 2 თავდამსხმელით თამაშობ, არ შეიძლება გყავდეს უამრავი ფორვარდი, ამიტომ ხავიერმა სეზონი "რეალში" ჩაატარა, ახალ კი, ისევ ჩვენთან ბრუნდება."
ვან გაალს ანხელ დი მარიაზე ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა იგი 2015/16 წლების სეზონში "იუნაიტედის" ფეხბურთელი, რაზეც ლუიმ ასეთი რამ განაცხადა:
"უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ, ფეხბურთში ხშირია მოულოდნელობები და მე ეს არაერთხელ მითქვამს. ეს პროცესია, რომელიც ერთ დღეში არ სრულდება. ეს არის პროცესი დი მარიასთვის და "იუნაიტედისთვის", უნდა მოვიცადოთ.
ამ წუთისთვის იგი "იუნაიტედის" ფეხბურთელია და როგორც მითხრა, 25 ივლისს გუნდთან ერთად იქნება, შტატებში."
რაც შეეხება ვიქტორ ვალდესს, იგი მანჩესტერში დარჩა და დიდი ალბათობით, ახალ კლუბში დაიწყებს სეზონს.
"გასულ წელს მან იუარა რეზერვებში თამაში, რაც მიუღებელია ჩემთვის, ასევე იყო რამდენიმე ასპექტი რაც არ მესიამოვნა.
როდესაც წესებს არ ემორჩილები, მხოლოდ ერთი გზაა დარჩენილი - წასვლა. ვიქტორი ჩემს ფილოსოფიას არ მიჰყვა, ჩემს გუნდში კი ასეთების ადგილი არ არის.
იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩვენ მას დავეხმარეთ, მივეცით შანსი ფორმა აღედგინა, მივეცით კონტრაქტი და ახლა ის მზად არის, ძველებურად ითამაშოს."
სტატიები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.