"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი მოხარულია, რომ შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს გუნდის წინა-სასეზონო ტურნეში. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ინგლისელს ტრავმის გამო მთელი ზაფხული უქმად ყოფნა მოუწია.
33 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში მოედანზე შემოსვლა პირველად ნოემბერში მოახერხა, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. მისი ბოლო მატჩი კი, ისევ თანაქალაქელებთან აღმოჩნდა, სადაც იგი ისევ დაშავდა და სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვა.
ლუი ვან გაალმა უკვე არაერთხელ გაუსვა ხაზი კერიკის მნიშვნელობას ახალწვეულთათვის. თავად ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებითაც, ის სიამოვნებას იღებს ახალი შენაძენების დახმარებით.
"ახლა თავს კარგად ვგრძნობ" - განუცხადა მან "MUTV"-ს. "სეზონის დასრულებამდე ფეხის კუნთი დავიზიანე, მაგრამ ზაფხულის დასაწყისში გუნდთან ერთად ვარჯიში მოვახერხე და ეს ფორმის აღდგენაში დამეხმარა."
"წინა-სასეზონო ტურნეს გამოტოვება არასდროს არა არის კარგი. თუმცა ამასთან გამკლავება გიწევს, კარიერაში ყოველთვის არის აღმასვლები და ჩავარდნები. ეს სეზონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, საშუალება გაქვს, რეგულარულად ივარჯიშო და ახალი სეზონისთვის მოემზადო. გსურს, რომ ფორმა შეინარჩუნო და გუნდთან კავშირში იყო."
კერიკი ასევე მიესალმება "იუნაიტედის" ახალწვეულებს, ბასტიან შვაინშტაიგერსა და მორგან შნეიდერლინს, რომელიც "წითლებმა" "ბაიერნიდან" და "საუთჰემპტონიდან" გაიფორმეს.
"ადგილისთვის ბრძოლა ძალიან კარგია. წლების განმავლობაში ამ კლუბში ყოველთვის დიდი კონკურენცია იყო. როგორც ფეხბურთელს, გსურს რომ შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშეები გყავდეს და კლუბმა ყველა ტიტულისთვის ბრძოლა მოახერხოს."
"ოთხივე ახალწვეული ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და შესანიშნავად ახერხებენ გუნდთან შეჩვევას. ვფიქრობ, აქ ძალიან სასიამოვნო და მეგობრული გარემოა და ყველას გვსურს, რომ ისინი უკეთ გავიცნოთ."