"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებს მოუწოდა, რომ მის ფიზიკურ მდგომარეობაზე არ იდარდონ, რადგან პრობლემები დაძლია და თავს კარგად გრძნობს.
"რა თქმა უნდა, რთული მსოფლიო ჩემპიონატი მქონდა, ამიტომ ამის შემდეგ ტრავმა მივიღე, რის გამოც ვფიქრობ, ოქტომბრამდე ვიუქმე. მაგრამ შემდეგ დიდებული კვირები და თვეები მქონდა "ბაიერნთან" ერთად, ტრავმა არ მიმიღია და ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ.
ყველაფერი კარგადაა და მოუთმენლად ველოდები "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ყველაფრის გაკეთებას, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბასტიანი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ადრე თამაშობდა, აცხადებს, რომ "იუნაიტედში" გადასვლის გადაწყვეტილება მას კლუბის პრესტიჟმა და სახელმა მიაღებინა.
"რა თქმა უნდა, მას ვიცნობ და შედარებით ადვილი იყო".
"თუმცა საქმე არ არის მასში, ეს უფრო კლუბის გამო მოხდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი დიდი კლუბი, რომელსაც ასეთი დიდი ტრადიცია აქვს და გუნდში ასეთი ხარისხია, ვფიქრობ, მომდევნო წელს ტიტულს მოიგებს.
რა თქმა უნდა, ის დიდებული მწვრთნელია და ეს იცით, კარგია და ვნახავთ, რას ვიზამთ ლიგაში".
შვაინშტაიგერი პირველი გერმანელი გახდა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური მოირგო და ახალწვეულმა კაპიტანთან უკვე მოასწრო საუბარი.
"უდიდესი პატივია, უდიდესი პატივია. უეინ რუნის ცოტა გავეხუმრე და ვუთხარი, რომ მე ვარ, ვფიქრობ, გერმანელებს "კრაუტს" ეძახით, სიმართლეა?"
"ასე რომ, უბრალოდ ვუთხარი, რომ მე ვარ პირველი და დიდი პატივი და გრძნობაა ვიყო პირველი გერმანელი ფეხბურთელი აქ, პირველ გუნდში".
შვაინშტაიგერმა წარსულიც გაიხსენა და "ოლდ ტრაფორდზე" მანამდე ჩატარებულ მატჩებს შეეხო.
"ვგონებ, "ოლდ ტრაფორდზე" ორჯერ ვითამაშე. დაუჯერებელი ატმოსფერო იყო და მახსოვს, როცა აქ 3-2 დავმარცხდით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაინც ჩვენ გავედით, მატჩის შემდეგ კი "იუნაიტედის" გულშემატკივარი ტაშს გვიკრავდა პატივისცემის ნიშნად, ეს ძალიან მომწონს და კლუბისთვის თამაშს მოუთმენლად ველოდები, განსაკუთრებით კი, ქომაგებისთვის".