მორგან შნეიდერლინი - "იუნაიტედის" ახალი იმედი საყრდენ ზონაში.
როგორც ვიცით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მორგან შნეიდერლინი შეიძინა, ამიტომ ღირს "საუთჰემპტონის" ჯერ-ჯერობით მოქმედი ნახევარმცველის ახლოს გაცნობა და გაგება, თუ რას შესძენს იგი ვან გაალის გუნდს.
4 წლის შემდეგ, რომელიც პრემიერ ლიგაში "საუთჰემპტონის" მოხვედრასა და იქ მცირედი წარმატების მიღწევას მოხმარდა, მორგან შნეიდერლინი მზად არის უმაღლეს დონეზე ავიდეს.
"ვფიქრობ, მას ლიგის ნებისმიერ ტოპ-კლუბში შეუძლია თამაში", - განაცხადა გარი ნევილმა მას შემდეგ, რაც ფრანგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იანვარს "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" დამარცხებაში.
"მხედველობაში მყავს "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "ტოტენჰემი". ის ზედმეტად კარგია. გასულ ორ-სამ წელიწადში ნამდვილი ნიჭი აჩვენა".ბოლო პერიოდში შნეიდერლინი ღიად აცხადებდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და გასულ ზაფხულს "საუთჰემპტონისგან" წასვლაზე უარის მიღების შემდეგ ნეგატიური რეაქცია ამტკიცებს, რომ მას დიდი ამბიციები აქვს.
შნეიდერლინი აკვირდებოდა თუ როგორ ტოვებდა "სენტ მერის" მაურისიო პოჩეტინო, ლუკ შოუ, ადამ ლალანა, დეიან ლოვრენი, რიკი ლამბერტი, კალუმ ჩემბერსი, მაგრამ კლუბი არ აპირებდა კიდევ ერთ ძვირფას ფეხბურთელთან განშორებას და შნეიდერლინი მალე მიხვდა, თუ რატომ.
რონალდ კუმანმა ახალი ფეხბურთელების შეძენის შემდეგ გუნდის შენება მორგანის ირგვლივ დაიწყო, რეგრესის ნაცვლად კი "საუთჰემპტონმა" სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. შნეიდერლინის პოზიცია 4 მცველის წინ და გვერდით ვიქტორ ვანიამას გულისხმობდა, ამან კი "წმინდანებს" დაცვის რეკორდული მაჩვენებელი შესძინა და მხოლოდ "ჩელსის" ჩამორჩნენ.
სეზონის დასაწყისში ყველა დუშან ტადიჩისა და გრაციანო პელეს ღვაწლს აფასებდა, მაგრამ მათი გამარჯვებების მსვლელობა სწორედ დეკემბერში შეწყდა, როცა შნეიდერლინმა ტრავმა მიიღო - საეჭვოა, დამთხვევა იყოს.
დიდებული სეზონის შემდეგ, 2008 წელს "სტრასბურგიდან" გადასვლის შემდეგ "საუთჰემპტონის" საუკეთესო ფეხბურთელისადმი ტოპ-კლუბების მხრიდან გამოჩენილი ინტერესი მოულონდელობა არ იქნებოდა.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი 25 მლნ. ფუნტად შეფასდა, რაც გასულ სეზონში ასეთი თამაშის შემდეგ გასაკვირი არ არის.
მაიკლ კერიკის ასაკის (33) გათვალისწინებით ლუი ვან გაალს საყრდენ ზონაში სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც დიდი ხნით ჩაანაცვლებს ინგლისელს და სრულიად გასაგებია, რომ პრიორიტეტულ სამიზნედ მორგანი დაისახა.
შნეიდერლინი კარგია ბურთის ფლობაშიც. "საუთჰემპტონის" ფეხბურთელი კომფორტულად გრძნობს თავს ბურთთან, 2014/15 წლების სეზონში მისი გადაცემების სიზუსტე 89,3% შეადგენდა, რაც მხოლოდ 3 მეათედით ჩამორჩება კერიკის მაჩვენებელს.
საინტერესოა, რომ შნეიდერლინმა გადამწყვეტი პასები ორჯერ უფრო ხშირად შეასრულა, ვიდრე კერიკმა (0.8 წინააღმდეგ 0.4-სა საშუალოდ ერთ მატჩში), ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ წინ მიზანმიმართულად მიიწევს.
გასულ სეზონში გატანილ 4 გოლთან ერთად მორგანმა თანაგუნდელებს 20 საგოლე მომენტი შეუქმნა - მეტი, ვიდრე კერიკმა (8) ან ბლინდმა (17), რომელსაც ვან გაალი ხანდახან ამ პოზიციას ანდობდა.
შნეიდერლინი იშვიათი ტიპის ნახევარმცველია და თავის სტილში ტაქტიკურ ხედვასა და შეტევების ჩაჭრის უნარს იტევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიღრმიდან თამაშში. "ჩელსის" ფეხბურთელი ნემანია მატიჩი ერთადერთი ნახევარმცველი გახდა, რომელმაც უფრო მეტი ორთაბრძოლა მოიგო, ვიდრე შნეიდერლინმა (79), გარდა ამისა, მორგანმა საშუალოდ ერთ თამაშში 2.6 ჩაჭრის მაჩვენებელს მიაღწია, კერიკს კი იგივე მაჩვენებელი 1.7 ჰქონდა.
იმის შეფასება, თუ რამდენად ერგება შნეიდერლინი "იუნაიტედს", შესაძლებელია ლიგის ნახევარმცველების პირველ ოთხეულთან შედარებით: მისი სტატისტიკური მონაცემები უკეთესია, ვიდრე მატიჩის, ფერნანდინიოს და "არსენალის" ამომავალი ვარსკვლავის, ფრანსის კოქლენის.
ამ კვარტეტში შნეიდერლინი ლიდერობს ერთ მატჩში ორთაბრძოლებისა და ზუსტი გადაცემების მხრივაც - ითვლება, რომ დაცვითი ფუნქციების მქონე ნახევარმცველისთვის ეს უმნიშვნელოვანესი უნარებია.
შნეიდერლინმა სწრაფი პროგრესი განიცადა, ახლა კი ახალ დონეზე გადასვლისთვის არის მზად.
წყარო: skysports