ვიქტორ ვალდესს თურქული კლუბებისგან მიღებული წინადადება არ აინტერესებს და "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს დარჩენა.
"ანტალიასპორის" პრეზიდენტმა, გულთეკინ გენსერმა განაცხადა, რომ 33 წლის ესპანელის ტრანსფერთან მისი კლუბი ახლოს იყო.
თუმცა ვალდესის აგენტმა, გინეს კარვახალმა ეს ინფორმაცია უარყო, რამეთუ მისი თქმით, მას არასდროს უსაუბრია თურქული კლუბის პრეზიდენტთან.
"თურქეთიდან უამრავმა პიროვნებამ მომმართა ვალდესის ტრანსფერის თაობაზე. მაგრამ ამ საკითხზე თურქული კლუბის პრეზიდენტთან არასდროს მისაუბრია. მას არ ვიცნობ. დალაპარაკებას კი, არც ვგეგმავ, რადგან ჩემს მოთამაშეს "ანტალიასპორში" გადასვლა არ აინტერესებს".
ვალდესს "იუნაიტედთან" 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და თუ დავიდ დე ხეა კლუბს დატოვებს, მას პირველი მეკარეობის შანსი ექნება.
"მისი ერთადერთი სურვილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელობაა და მას 1-წლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი.
ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავთ, რომ კლუბი დატოვოს. "იუნაიტედი" მსოფლიოს 2 ან 3 საუკეთესო კლუბს შორისაა.
ვიქტორს მომდევნო სეზონში ბრძოლა და გუნდისთვის დახმარება სურს".