ბასტიან შვაინშტაიგერმა მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივარს "მანჩესტერ იუნაიტედში" სამედიცინო შემოწმების გავლის წინ მადლობა გადაუხადა.
როგორც ცნობილია, 30 წლის ნახევარმცველმა გერმანული გრანდის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ მისთვის ახალ კლუბში გადასვლის საშუალება მიეცათ და კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ დაეტოვებინათ.
ასეთმა ქმედებამ გულშემატკივართა შორის სხვადასხვა სახის ემოცია გამოიწვია, რომელთა შორის უკმაყოფილოებიც იყვნენ. ბასტიანმა კი გულშემატკივრებს საკუთარი თვითერ გვერდის საშუალებით მიმართა:
"იმედი მაქვს, ჩემს გადაწყვეტილებას გაიგებთ" - დაწერა გერმანელმა.
მსოფლიო ჩემპიონმა აღნიშნა, რომ "იუნაიტედში" ახალი გამოცდილების მისაღებად გადადის.
"ჩემი კარიერის ბოლო ოცნება ახდა. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ჩემი ცხოვრების ახალი თავით მოხარული ვარ".
"ვერავინ წაგვართმევს იმ საოცარ გზას, რომელიც ერთად გავიარეთ. გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, რადგან თქვენ და "ბაიერნი" იყავით, ხართ და იქნებით ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი", - ნათქვამია შვაინშტაიგერის განცხადებაში.