გუშინ ღამით სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც "იუნაიტედის" პატარა გულშემატკივარი რობინ ვან პერსის გუნდიდან წასვლას განიცდის. ოთხი წლის ლუი დაიმონდს მშობლებმა ამ ამბის შესახებ ძილის წინ უთხრეს და მისი რეაქცია ვიდეოში დააფიქსირეს.
სამი შვილის მამა, სემ დაიმონდი ამბობს: "გადავწყვიტეთ მისთვის ამის შესახებ ძილის წინ გვეთქვა. მძიმე დღე ჰქონდა, ძალიან დაღლილი იყო, თუმცა ცრემლები მაინც ვერ შეიკავა. არ შეგვეძლო ეს მომენტი არ გადაგვეღო. მე და ჩემი ცოლი მოუთმენლად ველოდებით იმ დღის დადგომას, როცა 10 წელიწადში მას ამ ვიდეოს ვაჩვენებთ."
სემი ბავშვობიდან "იუნაიტედის" გულშემატკივარია, ის პრესტვიჩში ცხოვრობს, მაგრამ მანჩესტერშია გაზრდილი. სემს სამი შვილი ჰყავს: ოთხი წლის ლუი, სამი წლის ჩარლი და 10 თვის სონი, რომლებიც ასევე "წითლების" ფანებად იზრდებიან.
"მანჩესტერში ვარ გაზრდილი და ჩემი სისხლიც "წითელია." მე და ლუი ერთად ვქომაგობთ "იუნაიტედს". ვუყურებთ მატჩებს, ჩანტებს ვმღერივართ. რობინ ვან პერსი ყოველთვის მისი კერპი იყო. მომიწია მისთვის საფეხბურთო ეკონომიკის გაკვეთილი ჩამეტარებინა. ავუხსენი, რომ რამდენიმე დიდი ფეხბურთელის ყიდვის შემდეგ საჭიროა ზოგიერთმა კლუბი დატოვოს, მაგრამ ოთხი წლის ბავშვისთვის ეს გაუგებარია და ის ძალიან დამწუხრებულია."
"ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ ბავშვობაში ანალოგიური რეაქცია მქონდა, როცა ჩემი გმირები კლუბს ტოვებდნენ. ჯერ კიდევ მახსოვს, რა ვიგრძენი, როცა კანტონამ და ბექჰემმა გუნდი დატოვეს. ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარულ ყველა ბავშვს აქვს ცხოვრებაში ასეთი მომენტი" - დაასრულა სემმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პატარა "იუნაიტედის" ფანის ემოციები ვიხილეთ. გასულ ოქტომბერში ვნახეთ ვიდეო, სადაც 3 ლილის დედამ ლურჯი სასკოლო უნიფორმა უყიდა, თუმცა სამი წლის გოგონასთვის ეს არც ისე სასიხარულო აღმოჩნდა