ამერიკული MLS-ის კლუბი, "ორლანდო სიტი" ადასტურებს, რომ ხავიერ ერნანდესთან მოლაპარაკებებს მართავს. კლუბები გასულ კვირაში სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ამერიკული კლუბი შეთანხმების მიღწევას კვლავ ეცდება. კლუბის მფლობელმა, ფლავიო ავგუსტომ გასული მატჩის შესვენებისას ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ მას ერნანდესის ფლორიდაში გადაბირების იმედი აქვს.
"ჩიჩარიტო შესანიშნავი მოთამაშეა, მსოფლიოს ყველა კლუბის მფლობელი ისურვებდა მას საკუთარ გუნდში. ჯერ-ჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია. თუმცა მოლაპარაკებების პროცესში ვართ, სადაც ჩვენთან ერთად სხვა კლუბებიც იჩენენ ინტერესს, ამიტომ ჯობს ცოტა ვილაპარაკოთ. ვეძებთ საშუალებებს, რომ შეთანხმების მისაღწევად წინ წავიწიოთ და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს ორ კვირაში შედეგს მივაღწევთ" - განაცხადა "ორლანდო სიტის" მფლობელმა.
ჩიჩარიტომ "იუნაიტედში" ჩატარებული 154 მატჩიდან 59 გოლი გაიტანა, "რეალში" არენდით ყოფნისას კი 33 მატჩიდან 9 ბურთი გაიტანა და მადრიდულ კლუბში დარჩენა ვერ მოახერხა. 27 წლის მექსიკელი ტრავმის გამო უქმედაა და "იუნაიტედთან" ერთად ვერ ვარჯიშობს. თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტი პირველ გუნდში თამაშია და ამის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მინდა შევუერთდე გუნდს, სადაც სათამაშო დრო მექნება. არ აქვს მნიშვნელობა ეს "მანჩესტერ იუნაიტედში" იქნება თუ სხვა კლუბში. პირველ გუნდში თამაში ჩემთვის პრიორიტეტია" - ამბობს ერნანდესი.
ჩიჩარიტოთი ამერიკულ კლუბთან ერთად "სევილია", "იუვენტუსი" და "ინტერი" ინტერესდებიან.