ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყიდვა-გაყიდვის პროცესშია ჩართული და ასე იქნება 1 სექტემბრამდე.
"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა "ოლდ ტრაფორდზე" თანამემამულე მემფის დეპაი გადაიბირა და მიმდინარე ზაფხულს ეს მისი პირველი შენაძენია, რომლის შესახებ განაცხადა: "თავდაჯერებულობით სავსეა. შეგიძლიათ, თავადაც მოისმინოთ. უნდა გააცნობიეროს, რომ პრემიერ ლიგაში ადვილი არ არის, ჰოლანდიის ლიგისგან განსხვავდება. ბურთზე ყოველთვის ახდენენ ზეწოლას და ფიზიკურად რთულია. თავდაჯერებულია, მაგრამ ვიცი, რომ ადვილი არ იქნება. დრო უნდა მივცეთ".
"იუნაიტედის" მეორე შენაძენი "ტორინოს" მცველი, მატეო დარმიანი იქნება, რომელიც უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება "წითელი ეშმაკების" წევრი. ეს ტრანსფერი ვან გაალმაც დაადასტურა: "ამის შესახებ გაზეთებში წავიკითხე, მაგრამ სიმართლეა".
რაც შეეხება სატრანსფერო გეგმებს, მწვრთნელმა განაცხადა: "ყიდვა-გაყიდვა პროცესია. ჩვენ კი პროცესში ვართ, რომელიც 1 სექტემბრამდე გრძელდება. ჩვენი სატრანსფერო სტრატეგიის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან კონკურენტები ამით ისარგებლებენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" უბრალოდ იმისთვის არ უნდა იყიდოს, რომ საყიდია - მინდა ფეხბურთელები განვავითარო. მაგრამ ხანდახან უნდა შეიძინო. ხოლო როცა ყიდულობ, იმაზე უკეთესი უნდა იყოს, რაც გაქვს".